საქართველო, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიო, დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას. სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ღონისძიებები არ გატარდება, საქართველო მალე დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოში ბუნებრივი მატება და რა ვითარებაა ამ მხრივ სხვადასხვა რეგიონში. როგორც დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს რეგიონებში იმდენად რთული ვითარებაა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მალე გაუკაცრიელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება არ ყოფილა. მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებელი განსაკუთრებით მძიმე იმ რეგიონებშია, სადაც ძირითადად ეთნიკური ქართველები არიან დასახლებულები. ესენია - გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლერჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი.
გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლერჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი:
- 1980-84 წლებში დაიბადა - 62 ათასი ადამიანით მეტი, ვიდრე გარდაიცვალა
- 2000-2004 წლებში ამავე რეგიონებში ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვალა: 31 ათასით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
- 2011-15 წლებში ზემოთაღნიშნულ რეგიონებში ბუნებრივი მატება მინუს 7 000 ადამიანს შეადგენდა
"საგანგებო ზომები თუ არ გავატარეთ, სულ რაღაც 25 წელიწადში ეს რეგიონები გაუკაცრიელდება. ამის საფუძველს გვაძლევს 25 წლის წინანდელი მდგომარეობა დღევანდელს შევადაროთ. მოსახლეობის აღწერით,
1989 წელს საქართველოში იმერეთი ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი იყო და 767 ათასი კაცი ცხოვრობდა, 2002 წელს 700 ათასი, 2014 წელს კი 534 ათასი ადამიანი. ამ 25 წლის განმავლობაში იმერეთი შემცირდა 233 ათასი კაცით. ხოლო ბოლო ათ წელიწადში შემცირდა 166 ათასი კაცით. 25 წლის შემდეგ იმერეთში იცხოვრებს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი" - აღნიშნა დემოგრაფმა.
"ყველაზე კარგ მდგომარეობაში თბილისია, სადაც შედარებით მაღალია შობადობა და ბუნებრივია, ბუნებრივი მატებაც მაღალია. თბილისში ეკონომიკა შედარებით გამართულად მუშაობს. ეკონომიკური ბრუნვები კი შობადობის ზრდასაც ხელს უწყობს. შობადობის მხრივ, შემდეგ მოდის აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. ერთადერთი რეგიონი, სადაც ასე თუ ისე ნორმალური სიტუაციაა, ესაა აჭარა, სადაც ჯერ კიდევ მაღალია შობადობის დონე და შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება. ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ნიშნავს სხვაობას დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის," - განაცხადა თოთაძემ.
აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი:
- ამ რეგიონებში 1980-84 წლებში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 151 ათასით მეტი შეადგინა
- 2000-04 წლებში 34 ათასით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა
- 2011-15 წლებს, 55 ათასი ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა
კონკრეტულად რამდენით შემცირდა თითოეული რეგიონი:
- სამეგრელო - 2002-14 წლებში შემცირდა 135 ათასი ადამიანით
- გურია - 2002-14 წლებში შემცირდა 30 ათასი ადამიანით
- კახეთი - 2002-14 წლებში შემცირდა 89 ათასი ადამიანით
- რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 1989 წელს 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით ცხოვრობს - 32 ათასი
- მთლიანად ქვემო და ზემო სვანეთში - თუ 1989 წელს ცხოვრობდა 31 ათასი ადამიანი, ახლა 13 ათასი ცხოვრობს
IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევის (მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის კვლევა) საფუძველზე, 2017-18 წლებში საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლიდან დემოგრაფიული კრიზისი იწყება, თუ არაფერი შეიცვალა, კრიზისი პიკს 2030 წელს მიაღწევს, გაერო კი 2050 წლიდან საქართველოს დემოგრაფიულ კატასტროფას უწინასწარმეტყველებს.
ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE