გასტრონომი დიდი ფრთებიანი გამაგრილებლითა და ჭერზე ჩამოკიდებული დამჭკნარი ძეხვებით, - ეს ჩემი ბავშვობის სურათია. გრძელ რიგებთან, დახლზე დაწყობილ ხალვასთან, ვიტრინა-მაცივარში შემძვრალ მსუქან ბუზებთან და ნისიის რვეულთან ერთად, შთაბეჭდილებები 90-იანი წლებიდან მომყვება.
გასტრონომებიდან მოგონებები თავს დიდი ხნის შემდეგ, ახლაც მახსენებენ. საკვების შენახვის პირობების დაცვა ზოგიერთი სასურსათო ობიექტისთვის დღესაც დიდი გამოწვევაა.
აღარაფერს ვამბობ, გარემოვაჭრეებზე. სამსახურში მისვლამდე, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სულ მცირე ორ ადგილას ვხვდები ასფალტზე გაშლილ "მინი-მარკეტს", პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ რძეს, მაწვნის ქილას და სხვა მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც მზეზე დუღდება.
ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოსახლეობას მალფუჭებადი საკვების შეძენა-შენახვისას კანსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ქუჩაში დახლებზე ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ყოველგვარი ნორმების დარღვევით იყიდება. ამგვარად ნახავთ ჭერზე ჩამოკიდებულ სოსისსა და ძეხვეულს, რომელსაც საეჭვო ფერი ადევს. კიდევ უფრო უარეს შემთხვევაში, ქუჩაში მიმავალს შეიძლება ტროტუარზე დაფენილ პოლიეთილენის პარკზე, ან გაზეთებზე დალაგებული გასაყიდი საკვები შეგხვდეთ. თაკარა მზე ამ სანახაობას კიდევ უფრო მეტ "ელფერსა და სურნელს" სძენს.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სურსათის შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები დაცული არ არის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე: "სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ამოწმებს. სააგენტო გარემოვაჭრეებს არ აკონტროლებს, რადგან ეს საქმიანობა (გარევაჭრობა) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. გარევაჭრობა სამართალდარღვევაა, შესაბამისად, სააგენტოს განმარტებით, სამართალდარღვევის, აკრძალული საქმიანობის, შემოწმება არ ხდება.
კონტროლის მექანიზმი რამდენიმენაირია, რათა, სრულყოფილად მოცული იყოს მთელი სასურსათო ჯაჭვი. პირველ რიგში, ეს არის ინსპექტირება, ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე სრული სასურსათო ჯაჭვის კონტროლი, ინფრასტრუქტურა, როგორ არის მოწყობილი საწარმო, როგორ ხდება სურსათის დამუშავება, პერსონალის ჰიგიენის, ინვენტარის ჰიგიენის საკითხები, ტემპერატურის რეჟიმის დაცულობა, ეტიკეტირებისა და შეფუთვის საკითხები და ა.შ.
ასევე არსებობს პროცედურა, როდესაც ბიზნესოპერატორი თავად მოგვმართავს, რათა შემოწმება განვახორციელოთ, ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთ შემოწმებებს ვახორციელებთ.
ახლა კი გთავაზობთ ძირითად რეკომენდაციებს რითიც სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ:
ეკა ნანობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორი:
"ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე, თავი აარიდეთ გარევაჭრობას განსაკუთრებით ისეთი მალფუჭებადი სურსათის, შემთხვევაში, როგორიც არის ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები".
"პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს, გამოშვების ვადასა და ვარგისიანობას".
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
"მალფუჭებადი პროდუქტები სახლში მიტანისთანავე აუცილებლად მაცივარში შეინახეთ".
" სამზარეულოს დაფები უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტებისთვის ცალ-ცალკე იქონიეთ და ქუჩაში ასფალტზე დაგდებული საკვები პროდუქტი არ შეიძინოთ".
მადონა კოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე : "თბილისის ერთ-ერთ რაიონში, პირდაპირ ქუჩაში, ყოველ შაბათ-კვირას დიდი რაოდენობით ხორცი ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშე იყიდება. კითხვებს ბადებს რამდენად ჯანმრთელია და რა პირობებშია დაკლული აღნიშნული საქონელი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს რას ყიდულობს და იფიქროს, ღირს თუ არა, ერთი და ორი ლარის ეკონომია".
მოსალოდნელი რისკების თავიდან ასარიდებლად, მხოლოდ ასფალტზე გაშლილი პროდუქტის შეძენისგან თავშეკავება არ კმარა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცპროდუქტების შეძენა-შენახვისას თუნდაც მაღაზიაში ვაჭრობის შემთხვევაში. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სს "ნიკორას" ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ნინო ლეფსაია ესაუბრება:
"ხორცპროდუქტების შეძენისას გასათვალისწინებელია პროდუქტის დამზადება-შენახვის ვადები, ვიზუალური მხარე, შენახვის პირობები, ეტიკეტი. მაგალითად, ჩვენს სუპერმარკეტებში განთავსებულია თანმხლები დოკუმენტაცია, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას პროდუქტის შემადგენლობის, კვებითი ღირებულების, ვადების შესახებ"...
"მომხმარებელმა პროდუქტი სათანადო პირობებში დროულად უნდა მოათავსოს. თუკი ადამიანმა პროდუქტი შეძენიდან სახლში მიტანამდე მთელი დღე გზაში, არასათანადო პირობებში ამყოფა, რაც არ უნდა სათანადო პირობებში იყოს შენახული პროდუქტი მაღაზიაში, ის ყველა ვარიანტში სარისკო გახდება".
"ძეხვეულის, სოსისის შერჩევისას დააკვირდით პროდუქტის ვიზუალურ მხარეს: ფერი, სუნი, კონსისტენცია. პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი, წებოვანი ნადები, თეთრი ფერის ლორწო. ზედმეტი სირბილე, ფაფისებრი მასა".
"პროდუქტს ჭრილში არ უნდა ჰქონდეს სიძველის რაიმე ნიშანი. მნიშვნელოვანია, დარღვეული არ იყოს შეფუთვის მთლიანობა, გარსი. ნაწარმი არ უნდა იყოს ჩახურებული".
- საინტერესოა, როგორ კონტროლდება ხორცპროდუქტების შენახვის პირობები "ნიკორას" სუპერმარკეტებში?
- ამ საკითხზე რამდენიმე სამსახური მუშაობს, მათ შორის არის ხარისხის დეპარტამენტი. ჩვენი სპეციალისტების მიერ სისტემატურად ტარდება მაღაზიების შემოვლა, ტემპერატურული რეჟიმის გადამოწმება. ანალოგიურად ამოწმებს შენახვის პირობებს მონიტორინგის სამსახურიც. ასევე, განთავსების წესებს, პროდუქციის ვადებსა და ა.შ. თითოეულ მაღაზიას ჰყავს მენეჯერი, რეგიონული მენეჯერი... გარდა ამისა, მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეომონოტორინგი, ხორციელდება პერსონალის ქცევის კონტროლი.
ასე რომ, კონტროლის მექანიზმი, ძალიან ბევრია.
ახლა თქვენ უკვე იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცპროდუქტების შეძენა-შენახვისას. გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები, რათა ზაფხულის ცხელ დღეებში მავნე ფაქტორებით გამოწვეული შესაძლო გართულებები მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან და მოსალოდნელი რისკები მინიმუმამდე შეამციროთ.
ნატალია დადიანი
AMBEBI.GE