"გამარჯობა! მე ვარ პეტრე და მე ვგიჟდები ბავშვებზე. ვმეგობრობ მათთან და შემიძლია კარგად მოვუარო. ვასწავლო ბევრი რამ. მოვუმზადო გემრიელობები ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები ჩემთვის სიამოვნებაა და არა რუტინა. დამიკავშირდით ნომერზე 555602747 "- რამდენიმე დღის ერთ-ერთ ქართულ საიტზე ასეთი განცხადება დაიდო. განცხადების ავტორი 22 წლის პეტრე ნოდიაა, რომელსაც ძიძად მუშაობა უნდა.
პეტრე სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია. უყვარს ხატვა, კულინარია და ბავშვები. ძიძად მუშაობის დაწყების სურვილი ერთი წლის წინ გაუჩნდა. ვაკანტურ ადგილს თავიდან მეგობრების წრეში ეძებდა. როცა ასეთი არ აღმოჩნდა, განაცხადის გაკეთება საჯაროდ გადაწყვიტა.
ძიძას განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. მთავარია, ბავშვის ასაკი ერთ წელს აღემატებოდეს. ანაზღაურება კი იმდენს შეადგენდეს, რომ მეოთხე კურსის სტუდენტმა თავის რჩენა შეძლოს. თავად დამსაქმებელს კი პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულ მიდგომას სთავაზობს.
"პროფესია ძიძას ორი მომენტი აქვს - ტექნიკური და პიროვნული. ბავშვს თავისი სამყარო აქვს და მე ამ სამყაროსთან კონტაქტი შემიძლია. ურთიერთობა ბავშვებთან კარგად გამომდის," - ამბობს პეტრე ნოდია.
პეტრეს განცხადებას ინტერნეტსივცრეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი დადებითი შეფასება და რამდენიმე უარყოფითი. უარყოფითად მისი სქესი შეფასდა. ჩათვალეს, რომ მამაკაცი ძიძის მოვალეობებს ვერ გაუმკლავდება. პეტრეს თავისი პასუხი აქვს.
"ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია ბავშის მოვლა. ოჯახის მაგალითი რომ ავიღოთ, ოჯახში არის მამა, რომელსაც ბავშვის მოვლა უნდა შეეძლოს. მოვლაში შედის ჰიგიენა, კვება, დაძინება, გასეირნება. ამ ყველაფრის გაკეთება მამას, საკუთარი შვილის მიმართ თუ შეუძლია, რატომ არ შეუძლია იგივე სხვისი ბავშვისთვის გააკეთოს. ის, რომ ძიძებად მამაკაცებმა არ უნდა იმუშაონ, სტერეოტიპული შეხედულებაა."
პეტრეს ბავშვები პატრაობიდანვე უყვარდა. ნათესავები პატარებს ხშირად უტოვებდნენ, ამიტომ, ახალგაზრდა არქიტექტორის გადაწყვეტილება ოჯახში არავის გაკვირებია. პეტრეს ცხოვრებაში ყველაზე მეტად სამი რამე უყვარს - ხატვა, არქიტექტურა და ბავშვები. ბავშვების მერე თავს არქიტექტურაში დაიმკვიდრებს. იქამდე კი პატარას, რომლის აღზრდასაც ითავებს, ხატვას ასწავლის. გაანებივრებს გემრიელი სადილებით და არ მოაკლებს ყურადღებას. ასეთია პეტრე ნოდიას გეგმები, რომელმაც პროფესია, სახელად - "ძიძა" აირჩია. იხილეთ ვიდეო
ეკა მელიქიძე