საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კომპანია ვეძისის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დღეს დილიდან საგანგებო ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, დასახლებაში არსებულ წყალსადენის ქსელებზე კომპანია ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. საერთო ჯამში, ვეძისში სხვადასხვა დიამეტრის 16 ახალი ურდული განთავსდება.
კომპანიის ინფორმაციით, უახლოესი დღეებიდან საბურთალოს რაიონში მდებარე ვეძისის დასახლებაში წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ახალი ჩამკეტი ურდულების მონტაჟის მიზნით, დღეს, 11:00 საათიდან, ხვალ 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება - ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების მცირე ნაწილს, ჟვანიას მოედანს და ვეძისის დასახლების ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის - http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ასევე თბილისის რამდენიმე რაიონს. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებს.
ნაძალადევის რაიონში 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ლეჩხუმის, ცინცაძის, სანერგის, ხევსურეთის, სააკაძის, ნიკო მარის, იმერეთის, რიონჰესის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ჭიჭინაძის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 1 570 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის, ამაღლების და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 384 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ტყვარჩელის, კვერნაძის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 445 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება