ავტორი:

კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და ეპიზოდები ცხოვრებიდან...

კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და ეპიზოდები ცხოვრებიდან...

ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, ყველასათვის საყვარელ კახი კავსაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდა.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მსახიობის რთული ბიოგრაფიდან:

დიდი წინაპრის შთამომავალია. მის ბაბუას ეკუთვნის ქართული ხალხური მუსიკის პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შექმნის იდეა. დიახ, ცნობილი ლოტბარი - სანდრო კავსაძე კახი კავსაძის ბაბუა გახლდათ, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მოგვიანებით ეს საქმე მისმა შვილმა, კახის მამამ - დათაშკა კავსაძემ განაგრძო, რომელიც მეორე მსაოფლიო ომის დროს ქერჩთან ტყვედ ჩავარდა. იქიდან მისმა ფრონტელმა მეგობარმა იხსნა, ტყვეთა ბანაკიდან გამოაყვანინა, რომელმაც შემდეგ გერმანიაში, ქართველი ტყვეებისგან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა. გუნდი ომის დამთავრების შემდეგაც აქტიურად მუშაობდა. მერე მათი ამერიკაში გადასვლის იდეაც გაჩნდა. დათაშკამ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება არჩია.

დაათვალიერეთ უნიკალური საარქივო კადრები

კახი მღელვარებით ელოდა მამასთან შეხვედრას, მაგრამ მატარებელში, რომლითაც უნდა ჩამოსულიყო, მამა იქ არ აღმოჩნდა, - საქართველოსკენ მომავალი, გზად საბჭოთა მთავრობამ, როგორც სამშობლოს მოღალატე დააპატიმრა... პატიმარი კავსაძე მოგვიანებით მეუღლემ და ორმა ვაჟმა უშიშროების ციხეში მოინახულა...

"ერთი ერთ მუხლზე დაგვისვა, მეორე კი - მეორეზე და გვკითხა: მუსიკას სწავლობთ? მე მუსიკას კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, თან, კარგად, საოცარი ტექნიკა მქონდა... მამას რომ გავეზარდე, აუცილებლად მუსიკოსი ვიქნებოდი და არა არტისტი", - ჰყვება მსახიობი.

მსახიობის პროფესიაზე არასდროს უფიქრია, ამისკენ იმან უბიძგა, რომ სახლში (ვორონცოვზე) სადაც დაიბადა, ცხოვრობდნენ დიდი მსახიობები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ემანუელ აფხაიძე, თამარ ჭავჭავაძე და ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, რომლებიც ეზოს ბავშვების სპექტაკლების სანახავად ბილეთებსაც კი ყიდულობდნენ. ამ ადამანების გარემოცვაში მყოფმა, მსახიობის პროფესიაზე ბევრი რამ შეიტყო...

დამამთავრებელ კლასში კახი კინოსტუდია ქართულ ფილმში სინჯებზე დაიბარეს და ფილმზე - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" მთავარი გმირის, ვეფხია ხალიბაურის როლზე დაამტკიცეს, მაგრამ დებიუტი ვერ შედგა, - მოულოდნელად მიღებული ტრავმის გამო ამ კინოგადაღებას გამოეთიშა... იმის მერე კინოში გადაღების სურვილი არ უნელდებოდა და საბოლოოდ ოცნება მაინც აიხდინა, - მსახიობი, არტისტი გახდა. უამრავი საინტერესო და დაუვიწყარი თეატრალური თუ კინოროლი შექმნა. მაყურებელმა ის ნახვისთანავე შეიყვარა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მან ბედი ულამაზეს და ნიჭიერ მსახიობს, ბელა მირიანაშვილს დაუკავშირა... ამ წყვილის სიყვარულზე ბევრი დაწერილა და თავადაც დიდი გატაცებით ხშირად უსაუბრია ბატონ კახის...

****

გასულ წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკას კახი კავსაძემ საკუთარი ფოტოარქივი უსახსოვრა. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკა ბატონ კახის დაუკავშირდა და "ციფრულ მატიანეში" მონაწილეობა შესთავაზა. მსახიობი დიდი სიხარულით ჩაერთო პროცესში, - ბიბლიოთეკის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ლაბორატორიიდან ბატონ კახის შინ ეწვია, სადაც შესაბამისი სამუშაო ჩატარდა, "გაციფრულდა" მსახიობის ფოტოალბომებში დაცული უამრავი საინტერესო და უნიკალური ფოტო.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

ავტორი: ლალი ფაცია

კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა..." - რა წერილს აქვეყნებს პატრიარქი კახი კავსაძეზე?

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის