ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ექსეულიძეების დასახლებაში მცხოვრებ 6 ოჯახს ელექტროენერგია 20 წელია არ აქვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ინფორმაციის ერთადერთი საშუალებაა რადიო, ნახშირის უთო და ლამფა კი ყველაზე საჭირო ნივთებია.
"6-7 საათამდე, რასაც მოვასწრებთ საქმეს, თორემ შემდეგ უკვე ყველა ვიძინებთ. დავიღალეთ ცეცხლის და ლამფის შუქზე ცხოვრებით. აქ, ამ დასახლებაში ტელევიზორს ბოლოს ხალხმა 20 წლის წინ უყურა, ახალგაზრდა ბავშვებმა კი ისიც არ იციან, ტელევიზორი რა არის", - აცხადებს ადგილობრივი ნანა ექსეულიძე.
"21-ე საუკუნეში ნახშირის უთოთი რომ გაუუთოვებ ოჯახის წევრების ტანსაცმელს, სირცხვილი არ არის? ყველა მთავრობა გვპირდებოდა, რომ გექნებათ შუქიო, მაგრამ ყველამ მოგვატყუა", - აცხადებს ოლია ექსეულიძე.
უშუქობა ექსეულიძეების დასახლების ერთადერთი პრობლემა არ არის. წელიწადში, დაახლოებით 6 თვე, სოფელი რთული რელიეფური მდებარეობის გამო გარესამყაროსაც წყდება.
"2-3 საათი მჭირდება მე პირადად, რომ შროშის გადასახვევიდან ჩემს სახლამდე მივიდე. ახლა 65 წლის ქალი ვარ და კიდევ დავდივარ ამ მანძილს, მაგრამ მერე რა მეშველება, არ ვიცი", - განაცხადა აზა ექსეულიძემ.