"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან თემების განხილვამდე ე.წ. ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას ელოდება.
"შეკითხვებიც და ბრალდებებიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში", უპირველეს ყოვლისა, ეხება მის მიერ შეუსრულებელ დაპირებებს "ტრაქტორების საქმესთან" დაკავშირებით. მაშინ ბატონი ბიძინა ნამდვილად არ იყო სახელმწიფო მოღვაწის სიმაღლეზე, თავისი ხედვით, დაპირებებით, მუქარებით. ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენ მას ვარწმუნებდით. ჩვენი პოზიცია არ გახლდათ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი. ჩვენ, ისევე როგორც ბატონ ბიძინას, გააჩნდა წერილები ამ თემაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურისგან, აშშ-სა და შვეიცარიის საელჩოებისგან, თომას ჰამერბერგისგან, მაგრამ ყოველივე ამან ვერ მოახდინა გავლენა ივანიშვილის პოზიციაზე, რადგან იგი ღიად ადვოკატირებდა ქართულ პროკურატურას, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხელები ამის შემდეგ გაეხსნა. ამიტომ, ვიდრე ახალ თემებზე დავიწყებდეთ საუბარს და მინიშნებებს ივანიშვილის მიმართ, ჯერ დაველოდებით ბოდიშს იმ განცხადებების და იმ დაპირებების შეუსრულებლობისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა და რასაც საკმარისზე მეტი ექსპერტი ადევნებდა თვალს იმ შეხვედრებისას, რომელიც ბატონი ივანიშვილის ინიციატივით ტარდებოდა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს უანდერძა არამარტო სავარძელი, არამედ ვალდებულებაც, მუდმივად პროკურატურის ადვოკატი იყოს.
"ამიტომ ცნობიერებითი უწყვეტობა ჩვენ ორ პრემიერს შორის არსებობს. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არც თავად ივანიშვილი იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, როდესაც სახელმწიფოს აღმოუჩინა დახმარება და შეცვალა ქვეყნის ბედი, მე დარწმუნებული ვარ, რომ სასიკეთოდ, მაგრამ შემდეგ მისი ზრდა, როგორც პოლიტიკოსისა, შეფერხდა, იმ გამოწვევების გამო, რომელსაც არ ელოდა როცა პოლიტიკაში შემოვიდა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
"არ მაქვს ინფორმაცია, ვინ შეარჩია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებად, მაგრამ ის, რასაც თავად საუბრობს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის მიმართ და არაერთი სხვა ფაქტი, გარკვეულ ეჭვს მიჩენს მისი საკადრო პოლიტიკის წარმატებულობაში. რასაკვირველია, ახალგაზრდებს აქვთ სურვილი და მიეცათ შესაძლებლობა, აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია, მაგრამ თუ ეს წარმოჩენილი იქნა, როგორც თაობათა შორის დაპირისპირების ინსტიტუტი, ეს მხოლოდ ავნებს ქვეყანას. ვინ არიან ახალგაზრდები არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ გამორიცხული იქნას კიდევ 30 ღარიბაშვილის წარმოდგენა საქართველოსთვის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა და ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა, სანამ 30 ადამიანით გაამდიდრებდეს საექსპერტო საზოგადოებას, ერთი დასამშვიდობებელი რაუნდი მოაწყოს მის მიერ "თვითმარქვიად" წოდებულ ექსპერტებთან.
სოსო ცისკარიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ბიძინა ივანიშვილს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში" ნებისმიერ დროს უმასპინძლოს.