"ფეისბუქზე" გამოქვეყნდა ორი შეწებებული ფოტო. ორივეზე ბავშვები არიან გამოსახულნი. ერთნი ბურთს თამაშობენ, მეორენი სავარძელში მოკალათებულან და კომპიუტერი მოუმარჯვებიათ. ფოტოპარალელს ასეთი სათაური აქვს "ბავშვობა".
ეს ფოტოები სხვადასხვა ეპოქაშია გადაღებული. ათეულობით წლის წინათ პატარები მოძრაობაში იზრდებოდნენ, ეზოში თანატოლებთან ბურთს დასდევდნენ, ახლა კი ბავშვების მთავარი გასართობი კომპიუტერია...
***
ადრე პატარები ლაფში ამოსვრილები შინ რომ მივიდოდნენ, მშობლებს საკუთარ თავგადასავალს ასე უყვებოდნენ: მეზობელ უბანს ვაჯობეთ, 5 თუ 6 გოლი მე გავიტანე, მაგრად ვითამაშე. ერთ მომენტში მოწინააღმდეგის ყველა ფეხბურთელი მოვატყუე, მაგრამ კარის წინ ფეხი დამიდეს და წუმპეში წამაქციესო...
იგივეს მოყოლა ბავშვს დღესაც შეუძლია: როგორ მოიგო თამაში, როგორ მოატყუა მოწინააღმდეგის მთელი გუნდი, როგორ წააქციეს საჯარიმოში... ოღონდ ეს ყველაფერი კომპიუტერში, ვირტუალურად ხდება. პატარა არც ტალახში იგუნგლება და არც ტრავმის მიღების საშიშროება ემუქრება - კლავიატურაზე კაკუნით, რა უნდა იტკინოს, ან როგორ უნდა მოისვაროს?!
***
ვირტალურად ფორმის დიზაინის შერჩევაც შეიძლება: ჩართავთ ფეხბურთს, გადახვალთ სპეციალურ განყოფილებაში და როგორ ფერის მაისურსაც გნებავთ, ისეთს შეარჩევთ; რა სისქის ზოლსაც გნებავთ, ისეთს დაატანთ; ნომერიც არჩევაზეა; გვარად კი, თუნდაც სამჭკუაშვილი დააწერეთ. ასეთი საქმისთვის კლავიატურა და ხელთაგვი სრულიად საკმარისია.
აბა, ის იყო საქმე, ძველად ფორმები რომ არ იშოვნებოდა და ბავშვები საღებავებში ითხუპნებოდნენ? ნიკო ფიროსმანივით მეზობელი მყავდა, ნიჭიერი მხატვარი იყო, "კუსტარას" ეძახდნენ. მის სახლთან ერთთავად ბავშვების რიგი იდგა, მიდიოდნენ სხვადასხვა ფერის მაისურებით - ნომერი დამიწერეო. ის თან უწერდა, თან საქმეს ასწავლიდა - აი, ღრუბელი, საღებავში ჩააწე და შენც კარგად გამოგივაო. ახლაც მახსოვს მისი სახელოსნოს სურნელი - მაისურებზე აცეტონიანი საღებავებით აწერდა, რადგან ზეთიანებით დახატული ნომერი ხმებოდა და ასეთი ფორმა უხერხული სახმარი იყო. უმეტესობა მაინც ათიანს უკვეთავდა - პელე, მარადონა, ყიფიანი... თავიდან მიკვირდა, ნულიანს რატომ ჰქონდა შეჭრილები, ბოლომდე რატომ არ იყო შევსებული, თუმცა ათიანის შექმნის პროცესი რომ ვნახე მალევე ყველაფერს მივხვდი...
***
მაგრამ ერთს ვერ ვხვდები - ზოგიერთ მშობელს რატომ ურჩევნია კომპიუტერთან მჯდომი შვილის ხილვა, ეზოს ტალახში ამოგუნგლულის ნახვას?
მახსოვს, ერთი ბავშვური შეკითხვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისას: ზინედინ ზიდანი ახლო კადრით რომ უჩვენეს, ტელევიზორთან მჯდომი პატარა მშობლებს მიუბრუნდა - ნახეთ, რა ოფლიანია, სახლში რომ მივა, დედამისი ნამდვილად ეჩხუბებაო!
როგორც ჩანს, შეკითხვის ავტორ ბავშვს დედა ხშირად ეუბნებოდა - არ გაოფლიანდე, თორემ გაცივდებიო. "არ გაოფლიანდეს" პრინციპს დავუმატოთ კომპიუტერის გაბატონება დღევანდელ ყოფაში და იოლი მისახვედრია, ნაკრების მწვრთნელები რატომ ეძებენ ნიჭიერ სპორტსმენებს სანთლით. სპორტის სექციაში ფულის გადახდაზე იოლი ხომ კომპიუტერის შეძენა-განახლებაა, სხვებს თუ აქვთ, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდესო?!
ვაჟა სიმონიშვილი
სპორტული გაზეთი "ლელო"