ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებულია. 11 11 11 11 11 11 11 უმაღლესი ქულა ჟიურისგან და დარბაზის ოვაციები !
გამარჯვების შემდეგ მომღერალმა რუსულ და ქართულ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, რომელშიც წარმატების შემდგომ ემოციებზე ისაუბრა.
- რას გრძნობთ "ახალ ტალღაზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?
- არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე ეს გრძნობა სიტყვებით... მე ხომ პირველი ადგილი მოვიპოვე! ეს ნამდვილად საოცარი და მოულოდნელი შეგრძნებაა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ესწრებოდა კონკურსს დარბაზში და რა თქმა უნდა ჟიურის. მადლობას ვუხდი მშობლებს, განსაკუთრებით დედას! ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს პროდიუსერებს, რომლებიც დამემხმარნენ, რომ წარმომეჩინა საკუთარი თავი.
ძალიან ვინერვიულე და რომ გამოვედი სცენაზე გამიარა ყველაფერმა და უბედნიერესი ვარ მართლა, არც ვიცი, რა ვთქვა... ვერც ვფიქრობ, ჯერ რა ხდება ჩემს თავს და ალბათ ამისთვის ცოტა დრო დამჭირდება... სიმართლე გითხრათ არ მოველოდი ჟიურისგან ამხელა ქულებს, - განაცხადა ბუზალაძემ კონკურსში გამარჯვების შემდეგ.
ბოლო საკონკურსო დღეს, ნუცა ბუზალაძე სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა. 17 წლის მომღერალმა მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს იმღერა.
წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კონკურსანტმა პირველივე ტურში ფურორი მოახდინა და ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა. მეორე საკონკურსო დღეს, ნაციონალური ტურის ფარგლებში სოფო ხალვასთან ერთად "ყვავილების
ქვეყანა" შეასრულა.