პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ყოფილი ხელისუფლებისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცნობილი მხარდამჭერია. ყველას ახსოვს შარშან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო" სახელწოდებით გამართული აქცია, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ხატია ბუნიათიშვილიც იყო. აქციაზე პიანისტმა სააკაშვილს გენიოსი უწოდა და ცხრაწლიანი მმართველობის დროს მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.
ყველას ახსოვს ასევე ხატია ბუნიათიშვილის კლიპი, რომლის გამოც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფო დროშა გულებიანით ჩაანაცვლეს. კლიპში ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის სხვადასხვა მომენტები. ის თავის დროზე სააკაშვილის "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
პიანისტმა ქართველ მსმენელს თავი დაამახსოვრა ასევე ყოფილი ხელისუფლების დროს გამართულ არაერთ ღონისძიებაზე გამოსვლით. მაგალითად, 2013 წელს, როდესაც მაშინდელმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ბრიუსელიდან ჩამოსულ ნატოს დელეგაციის წევრ ქალბატონებს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა, მიღებაზე სტუმრებისთვის სწორედ ხატია ბუნიათიშვილი უკრავდა.
პიანისტი აფორმებდა ასევე გუშინ, სააკაშვილის მონაწილეობით კიევში გამართულ შეხვედრას. 2 ივლისს კიევში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე პიანისტმა აუდიტორიისთვის რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კიევში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები: დავით ბაქრაძე, დავით საყვარელიძე, კობა სუბელიანი, გიორგი ღვინიაშვილი.
სანდრა რულოვსმა ნატოს დელეგაციის ქალბატონებს უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი გენიოსია - ხატია ბუნიათიშვილი