ის, რაც აფხაზეთში ხდება, არის უკიდურესად საყურადღებო, მაგრამ საგანგაშოს ჯერჯერობით ვერ დავარქმევ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოხუმში განვითარებულ მოვლენებს.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნის უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენის შედეგია.
"საგანგაშო მდგომარეობა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია ზუსტად იმის ოკუპაციაა, რომ ოკუპანტი და ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს სრულიად სხვა პრიორიტეტების და სხვა მიზნების შესაბამისად, ვიდრე ეს არის ქვეყნის სტრატეგია და ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები საყურადღებოა. ჯერჯერობით, საგანგაშოს მას ვერ დავარქმევ, მაგრამ უკიდურესად საყურადღებოა რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა რეგიონში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ექსპერტებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პროცესში შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები.
დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების მცდელობით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შევძლებთ იმას, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ქვეყანას აღარ დაემატოს. ის რაც ამ დღეებში აფხაზეთში ხდება, არის ოკუპაციის გამო, ოკუპაციის მიზეზებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის, პრაქტიკულად უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენით. ასე, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.