ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბებიას თბილი სიტყვებით იხსენებს.
"ყველაზე ძალიან ვინც მენატრება, იმის დაბადების დღეა - ბებია!
იასამნებს ვჩუქნიდი სულ. ახლა სახლისთვის ვყიდულობ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცეები მაგან მასწავლა, მაგან გამზარდა, ასაკი არ ჰქონია - ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა. ყველაზე კარგი გემოვნება ჰქონდა და ყველაზე მაგრად კერავდა.
2000 წლის თებერვალი იყო, პალტოს მიკერავდა - მე გუდაურში მივდიოდი და გამომეკიდა, უნდოდა ჩამეცვა, რომ დაემთავრებინა. მე ვჩქარობდი და არ დავიცადე. რომ ჩამოვალ მერე იყოს მეთქი. მალე უნდოდა დაესრულებინა, ცოტა ხანში სტრასბურგში მივდიოდი კონკურსზე - ევროპის საბჭომ ქართველებისთვის ვაკანსიები გამოაცხადა და shortlist-ში მოვხვდი. უნდოდა რომ იქ მცმოდა.
გუდაურიდან ვბრუნდებოდი, ფასანაურში ვიყავი დედაჩემმა რომ დამირეკა ტირილით და მითხრა, რომ ქსენიას გაჟონვა მოუვიდა.
არ მახსოვს როგორ ვატარე მანქანა. რომ ჩამოვედი და დავინახე, მივხვდი ყველაფერი დამთავრებული იყო.
ამის მერე კიდევ 6 თვე იცოცხლა. მე სტრასბურგში წავედი. კონკურსში გავიმარჯვე და 1 ივნისიდან იქ გადავედი საცხოვრებლად. აგვისტოში გარდაიცვალა - ვერ ჩამოვედი.
ცნობიერება თითქმის წართმეული ჰქონდა, მაგრამ ის ახსოვდა, რომ ჩემთვის პალტო ჰქონდა დასამთავრებელი - ყოველ დღე იმეორებდა, უნდა ავდგე და თამუნას პალტო დავასრულოო", - წერს ტელეწამყვანი.