ამერიკის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის არმიას ჯარისკაცების მშრალი ულუფებით მოამარაგებს. შესაბამისი ინფორმაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. გარდა ამისა, ამერიკის თავდაცვის უწყება, უკრაინულ მხარესთან ჰუმანიტარული დახმარების დაგეგმარების კონფერენციას გამართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას დახმარებას სხვა სახითაც გაუწევს. კერძოდ, სუბარია ფინანსურ დახმარებაზე, 1 მლრდ ამერიკული დოლარის ოდენობით. შესაბამისი გადაწყვეტილება ორიოდე დღის წინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
სავარაუდოდ, ამერიკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის თემა ვაშინგტონში, უკრაინის პრემიერ არსენ იაცენუკის ვიზიტისას განიხილებოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხინმა რადაში გამოსვლისას, ქვეყნის არმიაში არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე ისაუბრა. არმიაში განგაშის გამოცხადებისას, 41,000 კაციანი სახმელეთო ჯარებიდან რეალური საბრძოლო მოქმედებისთვის მზად მხოლოდ 6,000 კაცი აღმოჩნდა.
უკრაინელ ჯარისკაცებს არ ჰყოფნით ეკიპირება, აღჭურვილობა. სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზებულია.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.