ტერმინი - "არაჰუმანური იარაღი" აბსურდულად ჟღერს და ძნელი დასაჯერებელია, რომ ომის დროს რომელიმე ქვეყნის არმია საკუთარ ქმედებებს ზედმეტად სასტიკად ჩათვლის. იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც "არაჰუმანური იარაღის" ზემოქმედებით იღუპებიან, გარკვეულ წილად სულერთია, რამდენად შეესაბამება ეს იარაღი ჰუმანიზმის კრიტერიუმებს. მიუხედავად ამისა, სამხედრო ისტორიაში მრავლადაა ფაქტები, როდესაც ესა თუ ის იარაღი, საერთაშორისო აკრძალვების მოქმედების ქვეშ მოხვედრილა.
ექსპანსიური ტყვიები
ტყვის ერთ-ერთი მახასიათებელი შემაკავებელი ფაქტორია. სხეულში მოხვედრილმა ტყვიამ, ორგანიზმს მაქსიმალური ზიანი უნდა მიაყენოს. გამჭოლმა ჭრილობამ მოწინააღმდეგე შეიძლება ვერ შეაჩეროს. ეს პრობლემა 1890 წელს ბრიტანელმა ოფიცერმა ნევილ ბერტი-კლეიმ გადაჭრა. მან ექსპანსიური - დეფორმირებადი ტყვიები გამოიგონა. გამოგონების არსი ტყვიისთვის ცხვირის მოქლიბვაში მდგომარეობდა. ასეთ საბრძოლო მასალას უფრო მეტი კინეტიკური ენერგია ჰქონდა. შესაბამისად მოწინააღმდეგის სხეული უფრო დიდ დაზიანებებს ღებულობდა. 1898 წელს სუდანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა, გამოგონების "ეფექტურობა" დაასასტურა.
თანდათანობით, ბრიტანელი ბერტი-კლეიმის გამოგონება გააუმჯობესეს და ტყვიის თავში სიღრუესთან ერთად, კიდეებზე ღარები გაუკეთეს. სხეულში მოხვედრისას, ასეთი ტყვია, ყვავილივით იშლება და დაზიანების არეალს საგრძნობლად ზრდის.
1899 წელს ჰააგის სამშვიდობო კონფერენციამ ექსპანსიური ტყვიები არაჰუმანური იარაღის კატეგორიას მიაკუთვნა და აკრძალა. მას შემდეგ ოფიციალურად მას მსოფლიოს არცერთი არმია არ იყენებს. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ტყვია დიდი პოპულარობით მონადირეებში სარგებლობს. მას ასევე რიგი ქვეყნების საპოლიციო დანაყოფებიც იყენებენ. ექსპანსიური ტყვიებით, 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში მომღერალი ჯონ ლენონი მოკლეს.
ფოსფორიანი ბომბი
დასახელებიდან გამომდინარე, საბრძოლო მასალა ფოსფორით არის სავსე. პირველად, საბრძოლო პირობებში თეთრი ფოსფორი ირლანდიელმა ექსტრემისტებმა XIX საუკუნის ბოლოს გამოიყენეს. მას შემდეგ, მას პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, საავიაციო ბომბებსა და საარტილერიო ჭურვებში აქტიურად იყენებდნენ. ბომბი მარტივი პრინციპით მოქმედებს - ჟანგბადთან რეაქციისას ფოსფორს ცეცხლი ეკიდება და წვის ტემპერატურა 800 გრადუსს აღწევს. 2004 წელს ფოსფორიანი ჭურვები ამერიკელებმა ერაყში, 2006 წელს კი ისრაელმა - ლიბანის მეორე ომის დროს გამოიყენა.
ნაპალმი
თხევადი საწვავის (ბენზინი, ნავთი ან სხვა ნავთობპროდუქტები) შესქელებით მიიღება. ამისთვის საწყის პროუქტს სხვადასხვა "ინგრედიენტებს" უმატებენ. წებოვანი სითხე წვის დიდი ტემპერატურით გამოირჩევა (1600 გრადუსამდე). საბრძოლო პირობებში, ნაპალმი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოიგონეს, პირველად 1944 წელს გამოიყენეს. ვიეტნამის ომში, ამერიკელები ნაპალმს ინტენსიურად იყენებდნენ. 1980 წელს გაერომ "ცეცხლოვანი სითხე" არაჰუმანურ იარაღის კატეგორიაში შეიტანა და აკრძალა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ისრაელს, კონვენციისთვის ხელი დღემდე არ მოუწერიათ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით.