ვენესუელაში 2004 წლის სილამაზის ნაციონალური კონკურსის გამარჯვებული მონიკა სპირი მოკლეს. ლათინოამერიკელ ქალთან ერთად თავდამსხმელებმა მისი ყოფილი ქმარი, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჩაცხრილეს. გოგონა გადარჩა.
დანაშაული ორშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც 29 წლის მონიკა სპირი და მისი 39 წლის ყოფილი მეუღლე ტომას ჰენრი ბერი ქალის სამშობლოში შვებულებას ატარებდნენ. კარაკასში მიმავალ ტურისტების ოჯახს გზაზე მძარცველები დაესხნენ თავს.
22:30-ზე მონიკასა და ტომასის ავტომობილი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. ავტომობილს ერთდროულად ორი საბურავი ჰქონდა გახვრეტილი.
მალევე ადგილზე ორი ევაკუატორი მივიდა. მაგრამ, როდესაც ავტომობილი ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილზე ატვირთეს, უცხოელმა ტურისტებმა შეარაღებული დამნაშავეების ყურადღება მიიპყრეს.
მათი დანახვისას, ტომასი და მონიკა ავტომობილში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც მძარცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. მათ სულ მცირე ექვსჯერ ისროლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლთაგან რომელიმემ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.
გარკვეული დროის შემდეგ მათი მანქანა პოლიციელებმა აღმოაჩინეს. ადგილზე ტომასისა და მონიკას ხუთი წლის ქალიშვილი მაიაც იმყოფებოდა, რომელიც ფეხში დაიჭრა. გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი უკვე დააპატიმრა. ზოგიერთი მათგანი მოზარდია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულებს შორის არიან თუ არა ევაკუატორების მძღოლები.
მომზადებულია The Latin Times-ის მიხედვით.