ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სამი ხე მოგლიჯა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად არ დაზარალებულან ქვეითად მოსიარულები და ასევე, ხეები არ დასცემია ქუჩაში მოძრავ ავტომობილებს.
ხეები ქუჩის მიმართულებით იყო წაქცეული, ტერიტორიას სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურმა მოგლეჯილი ხეები დახერხა და სატვირთო ავტომობილებით გაიტანა. ინასარიძის ქუჩაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.