"გაიცანით ქართველი ტრანსგენდერი. ის ნამდვილია. ის არსებობს," - ამ სახელწოდებით რამდენიმე ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს მთავარი გმირი 19 წლის ბიანკა შიგუროვაა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ბებიაა, მისი ერთადერთი დამცველი, რომელმაც ოჯახიდან გამოგდებული შვილიშვილი შეიფარა. "რას ვიზამ, ასეთია და ხომ არ მოვკლავ? ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ ვშველი და რა ვქნა..." - ამბობს ბიანკას ბებია.
ქართველ ტრანსგენდერს განსხვავებული ორიენტაციის გამო, არა აქვს კავშირი მშობლებთან, განსაკუთრებით რთული ურთიერთობა აქვს დედასთან. როგორც თვითონ ამბობს, არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რაშიც ნაწილობრივ საკუთარ დედას ადანაშაულებს და აცხადებს: "თუ სადმე შევხვდით ერთმანეთს, ან მე ვიქნები, ან ის.... "
მეზობლებთან გაქვთ ურთიერთობა?
- არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ზურგი არ შეგვაქცია, მათთან გვაქვს ურთიერთობა.
რა პრობლემები გექმნება იმის გამო, რომ განსხვავებული ხარ?
- რისხვა არის ხალხისგან მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე სოციალური ქსელის საშუალებით მეთქვა ჩემს შესახებ სიმართლე. მას შემდეგ, რაც ეს ინტერვიუ ლანჩხუთში გავრცელდება, დარწმუნებული ვარ ბუზებს რომ იგერიებენ, ისე მომიწევს ხალხის მოგერიება.
ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ მეზობლები ფიზიკურად გაგისწორდნენ, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის სიმართლე...
- რას ქვია არაა სიმართლე? მე არ ვარ მოსაწონი ამ სოფელში, ამითვალისწუნა სოფელმა, მაგრამ ამ სახლიდან ვერავინ გამაგდებს, ჩემი საკუთრებაა. მე მგონი, თითოეული ადამიანის სახელი და გვარი უნდა ჩამოვწერო და ვნახავთ თუ არ იყვნენ ჩემი ფიზიკურად გასწორების მონაწილეები. იმიტომ მცემეს, რომ კაბით დავდივარ, მათ ვაღიზიანებ და რაღაცას ვიწვევ მათში. როცა იციან, რომ მე ასეთი ვარ, სრულიად შეუძლებელია ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეთ. ეს უბრალოდ არის არმოწონების საკითხი. არ უნდათ, რომ აქ ვიყო, თითქოს მე ვახდენ ბავშვებზე უარყოფით გავლენას, პირიქით, მე არ ვურჩევ არავის ეს გზა აირჩიოს. მშობლებიც უნდა დაუდგნენ ამ დროს გვერდით შვილებს. არ არის მოსაწონი, ბევრი ამბობს, კარგია თუ გავრცელდება ტრანსებიო, მაგრამ ეს ნამდვილად კატასტროფა იქნება საქართველოში. არ ვისურვებდი არავის. ადამიანმა თუ ის უნდა გადაიტანოს, რისი გადატანაც მე მიხდება, ძნელია, ყველა ვერ გაუძლებს.
შენი შემოსავლის წყარო რა არის, თუ ბებიას პენსიაზე ხარ?
- არა, მე ჩემი სამსახური მაქვს, საკმაოდ მრავალჯერადი სამსახურია, ვერ ვიტყვი, ზოგი ისეთია, რომელშიც ძირითადად ვმუშაობ, იმიტომ, რომ იქ ჩემი ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. მხოლოდ ზედამხედველმა და მენეჯერმა იციან.
მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები უარყოფით განწყობას ვერ მალავენ, ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ "ყურადღებას აღარ აქცევენ და ბიანკა ამით უფრო გაღიზიანებული, პროვოკაციებზე მიდის". ბიანკას განსხვავებულობას კი, მშობლების უყურადღებობით ხსნიან.
ასევე იხილეთ: "ის ნამდვილია, ის არსებობს" - 19 წლის ლანჩხუთელი ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა