რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარი მუსიკოსი გრინჩი, იგივე თაზო ლიპარტელიანია. თაზო ჯგუფ "კუნგ ფუ ჯანკის" წევრია, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- ეს ჯგუფი არც არის, უფრო "ტუსოვკაა", რომელსაც დავარქვით "კუნგ ფუ ჯანკი". არ გვიყვარს ბარიერი შემსრულებელსა და მსმენელს შორის, ამიტომ კონცერტებზე მსმენელთან ერთად ვერთობით.
- სიმღერით პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა შენთვის მისაღებია?
- ცხოვრებაში და იმ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობთ, ბევრი პრობლემა რომ არის, უფრო ხალხის ბრალია, ვიდრე პოლიტიკოსების, თუმცა პოლიტიკოსებიც ჩათლახები არიან. რა უნდა ადამიანს პოლიტიკაში, თუ ცუდი მიზნები არ ამოძრავებს? რთულია ამ საზოგადოებაში ყოფნა, გამოსავალია "იგნორი" გაუკეთო ყველაფერს, მაგრამ ცუდია, როცა საზოგადოებისგან გამოყოფილი ხარ.
- ამბობენ, რომ ემოების ლიდერი ხარ და სატანისტურ რიტუალებს ატარებ სასაფლაოებზე, ეს ერთ-ერთ ვიდეოშიც აღიარე...
- ეგ ვიდეო უბრალოდ გართობის მიზნით ჩავწერე, ნოდარ მელაძის გადაცემა გავაშარჟე, სადაც ემოებსა და სატანისტურ რიტუალებზე იყო საუბარი. რა მეტყობა, რომ ემო ვარ? საქმე არ მქონდა და გავერთე.
- მამასთან ერთად გადაღებულ ვიდეოში რა გააპროტესტე?
- მაგ ვიდეოთი მე მამების თაობის მიმართ გამოვხატე პროტესტი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისადმი. ცხოვრებისადმი მამაჩემის დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მამა არ მიყვარს. სანამ პოლიტიკიდან საბჭოთა კავშირის დროინდელი ხალხი არ წავა, არაფერი გვეშველება. ახლა დაბინძურებული ხალხია მთავრობაში.
- ვიცი, რომ მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერ მხარს...
- ყველა აქციას შევუერთდები, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერს მხარს. ადამიანის უფლებაა, მარიხუანას მოიხმარს, არაყს თუ ბალახს შეჭამს მინდორში. ამის შეზღუდვის უფლება არავის აქვს. როცა რაღაცას აკეთებ, უნდა ხვდებოდე, კარგია თუ ცუდი. თუ ცუდად მოქმედებს მარიხუანა, არ უნდა მოწიო. მე მაგალითად, უარს ვამბობ სასმელზე, რადგან აგრესიულს მხდის, ამიტომ მირჩევნია მოსაწევი მოვწიო. საქართველოში მოსაწევზე აჯარიმებენ, რაც სასაცილოა. ამის გამო ხალხის დევნა მარაზმია.
- მარიხუანის მომხმარებელი ხარ?
- მიყვარს ფსიქონერვული გამოცდილებები, მოგზაურობები და ფსიქოტროპული ნარკოტიკები. არ იწვევს შეჩვევას, რადგან იმდენად ემოციური ხდები ამ დროს, სურვილი არ გიჩნდება, მეორე დღეს იგივე გააკეთო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გინდა ახალი გამოცდილება მიიღო. ამ ყველაფერს როგორც შამანი, ისე ვუყურებ. აზრზე მოსასვლელად არის კარგი ეს ყველაფერი და არა კაიფის მიზნით, სამყაროს შეცნობისთვის ერთხელ უნდა მოიხმაროს ადამიანმა. მოსაწევის დროს არ ხარ აგრესიული, აგრესიით კი ქვეყანას ვერ ააშენებ.
- შენ არ კაიფობ?
- კაიფი რომ მიყვარდეს, ოპიადებს მოვიხმარდი. კაიფი დებილობაა.
- ბევრი ფული რომ მოგცენ, უმღერებ ბიძინა ივანიშვილს?
- არც ერთ შემთხვევაში არ ვუმღერებ ბიძინას და არ ვითანამშრომლებ ბერასთან, ეს არის ჩემი პრინციპი. ჩემთვის მიუღებელია ბიძინას ან სხვა პოლიტიკოსის პოლიტიკა და იმის წინააღმდეგი ვარ, ვინც მართავს ქვეყანას და ასე იქნება ყოველთვის. ფულის გამო არ ვიტყვი, რომ მაგარია ბიძინა. ამიტომაც დავდივარ ჯიბეგამოფხეკილი. მირჩევნია ასე თავისუფლად ვიცხოვრო.
- საკანში რომ აღმოჩნდე აჩიკო მეფარიძესთან ერთად, როგორ მოიქცევი?
- კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ამიტომ თავის ცხოვრებაზე ვალაპარაკებდი აჩიკო მეფარიძეს. გამოცდილებებს გავუზიარებ. საინტერესო იქნება ჩემთვის მისი მოსმენა (იცინის).
- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?
- სააკაშვილს ვაჩუქებდი კარგ კოლუმბიურ კოკაინს. საჩუქარი კარგი უნდა იყოს და მგონია გაუხარდებოდა.
- თეა თუთბერიძეს?
- რა უნდა ვაჩუქო (იცინის). ტვინს ვაჩუქებდი თეა თუთბერიძეს.
- რას უსურვებ ივანიშვილს?
- ცოტა ფულს ვუსურვებ. შეეშვას ქვეყანას და თავის საქმეებს მიხედოს. ჩემთვის ის ქველმოქმედის ამპლუაში უფრო კარგი სანახავი იქნება.
- შენ რომ რამდენიმე მილიარდი გქონდეს, რაში დახარჯავ?
- ძმაკაცებთან ერთად დავხარჯავდი. არც ერთს არ მოგვინდებოდა არც ბანკი და არც მონოპოლიები.
ფსიქოლოგის დასკვნა
ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია: - თავისუფალი ადამიანია. არ ემორჩილება დოგმებს და ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)