41 წლის თამარ იაკობიძე უკვე რვა წელია "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკაკი წერეთლის ძეგლის სიახლოვეს ცხოვრობს. "სახლი" ლურჯი ცელოფანითა და მუყაოს ქაღალდებით აუშენებია, მისი საოჯახო ნივთები კი ორი ყავის ჭიქითა და თეფშით შემოიფარგლება. ძირითადად თბილი ტანსაცმელი მოუმარაგებია, რადგან ზაფხული მისთვის თვალის დახამხამებაში გადის, ზამთარი კი ცივი და უსასრულოა...
ამბობს, რომ უკვე შეეგუა ხვედრს, რომელიც ღმერთმა არგუნა: "მძიმე ცხოვრება მხვდა წილად. წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, აბაშაში გავთხოვდი, მაგრამ მეუღლე ნარკომანი აღმოჩნდა და მასთან ვეღარ გავძელი, ერთ წელიწადში დავშორდი, ფეხმძიმე დავბრუნდი მშობლებთან. ეპილეფსიით ვარ დაავადებული და ერთ დღესაც დედამ გამომიცხადა: შენ უშლი ხელს ოჯახის წევრების ბედნიერებას, შენი დები ვერ თხოვდებიან და ძმას ცოლი ვერ მოჰყავს შენი ავადმყოფობის გამოო. ამან ისე მატკინა გული, სამი თვის შვილი დავტოვე და სახლიდან წამოვედი, არც აღარავის უცდია ჩემი მოძებნა"...
თავიდან მუშტაიდის პარკში ცხოვრობდა, შემდეგ წერეთლის ძეგლთან დაიდო ბინა, აქ ყველა მისი მეგობარია, მოვაჭრეები, მეეზოვეები, კონტროლიორები... ყველა ცდილობს ახალგაზრდა ქალს ლუკმაპურის შოვნაში დაეხმაროს.
"სულ აქ ვტრიალებ, მინდა სადმე ვიმუშაო, მაგრამ ავადმყოფობა მიშლის ხელს, არ ვიცი, როდის სად დავეცემი. ერთხელაც შუა ქუჩაში ეპილეფსიის შეტევა დამეწყო და გავითიშე, სული რომ მოვითქვი, საბუთები დაკარგული დამხვდა, ამიტომ ვერ ვიღებ სოციალურ დახმარებას. მართალია, ქუჩაში ვცხოვრობ, მაგრამ ადამიანად დავრჩი და თავს პატიოსანი გზით ვირჩენ: მეეზოვეს ბაღის დალაგებაში ვეხმარები და თვეში 5 ლარს მაძლევს; ყვავილების გამყიდველი ქალი ღამით ყვავილებს მიტოვებს მისახედად და ისიც ყოველ საღამოს მიტოვებს მცირე თანხას; მაცივრებს ვდარაჯობ და მისი პატრონიც ყოველდღე 2 ლარს მაძლევს, ასე რომ, ვახერხებ არსებობას. ერთხანს თავის მოკვლა მინდოდა და სწორედ ამ ადამიანებმა მიხსნეს სიკვდილისგან, მადლობელი ვარ მათი, ასე რომ მამხნევებენ", - ამბობს თამარი.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)