ყველამ ვიცით, რომ მწვანე ფერის ბოსტნეული, მათ შორის კი მწვანილეული და სალათები ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. მაგრამ მათ შორისაც არიან ე.წ. ფავორიტები - არომატით ან შემადგენლობით გამორჩეული სახეობები.
სიის სათავეში ისპანახია - დიეტოლოგების საყვარელი პროდუქტი. ისპანახში შემავალი ქლოროფილი სისხლის წითელი ბურთულების ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებსაც აძლიერებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების მქონეთათვის. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. უმჯობესია, ისპანახი უმად მიირთვათ, ან მსუბუქად მოშუშოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავება სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას ანადგურებს. ნეიტრალური გემოს გამო, შეგიძლიათ უმად ჩაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ გარნირად ხორცთან, თევზთან თუ ფრინველთან.
ასევე ძალიან სასარგებლოა მჟაუნა. ის ადრე გაზაფხულზე მოდის, როცა ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები. მჟაუნასგან უამრავი რამ შეიძლება მოამზადოთ: წვნიანი, კვერცხიანი შჩი, გულსართი ღვეზელებისთის. გაითვალისწინეთ, რომ მჟაუნა სწრაფად იხარშება და კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ. შეგიძლიათ უმი ფოთლები დაამატოთ სალათში, ან კარტოფილის პიურეს მწვანე ფერი და სასიამოვნო, პიკანტური არომატი შესძინოთ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ექიმების რჩევაა, კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მივიღოთ ეს ბოსტნეული, რადგან შესაძლოა, თირკმელებს შეუქმნას პრობლემები.