"ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მე-13 მონაწილე გამოავლინა. ის ქეთევან ხატიაშვილია. მე-13 მონაწილის გამოსავლენად, სპეციალური კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელშიც უამრავი მსურველი მონაწილეობდა, მაგრამ საბოლოოდ, ქეთის გაუმართლა. "ამბები.გე" ქეთი ხატიაშვილს დაუკავშირდა:
- როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" კონკურსი გამოაცხადა და ცნობილი გახდა, რომ პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობა, მეგობრების თხოვნით, მეც გადავწყვიტე, ამ კონკურსში ჩართვა. ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე გადავიღე ვიდეორგოლი და საიტზე ავტვირთე. რატომღაც ჩემი ცეკვა მოეწონათ და ვიდეომ საკმაოდ ბევრი ხმა დააგროვა. მოკლედ, მოვხვდი პირველ ხუთეულში, საიდანაც ერთი გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო და საბოლოოდ, 4000-ზე მეტი ხმით ლიდერი აღმოვჩნდი და გავიმარჯვე, რაც ძალიან მიხარია.
- ვინ ხარ პროფესიით?
- ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე.
- რატომ ყოფილი?
- ეს სპორტის ისეთი სახეობაა, რომ დღეში 8-9 საათი უნდა ივარჯიშო. იმის გამო, რომ ოჯახიც შევქმენი, დროის განაწილებას ამ ყველაფერზე ვეღარ ვახერხებდი.
- ამ საკმაოდ რთულ პროექტში დროს როგორ გაანაწილებ?
- ახლა მეუღლეც და ოჯახის სხვა წევრებიც მხარში მიდგანან... მგულშემატკივრობენ და დაინტერესებულები არიან ჩემი ცეკვითა და ზოგადად ამ კონკურსით...
- ახლა რას საქმიანობ?
- ვმუშაობ ფიტნესცენტრში, ფიტნესინსტრუქტორად. ვატარებ ვარჯიშების სერიას, რომელსაც "ზუმბა" ჰქვია. ეს არის ვარჯიში რითმული მოძრაობებით.
- ქეთი, შოუს მე-13 კონკურსანტი ხარ. შენთვის ეს არაფერს ნიშნავს?
- ცრურწმენებს ყურადღებას არ ვაქცევ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა მოხდა მერე? მთავარი ის არის, რომ მშვენიერი პროექტია, რომელსაც ტელეეკრანიდან 2 წლის განმავლობაში ვუყურებდი და ახლა შანსი მომეცა, მასში ვიცეკვო. ეს ყველაფერი სახალისო და საინტერესოა.
- რამხელა შვილი გყავს?
- ანასტასია ორი წლის არის. როდესაც ჩემს საკონკურსო ვიდეორგოლს უყურებდა, სურვილი უჩნდებოდა, რომ ეცეკვა და ემღერა... ჯერ ძალიან პატარა...
- თავისუფალ დროს, ალბათ, პატარას უთმობ, არა?
- კი, მეუღლეს და ჩემს ანასტასიას, ასევე მეგობრების გარემოცვაშიც მიყვარს ყოფნა.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის