ქუჩებში ნაგვის ურნების სუნი გვაწუხებს, რადგან ხშირად არ რეცხავენ და დეზინფექციას არ უტარებენ - ასეთ პრეტენზიას გამოთქვამს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თბილისის ქუჩების დასუფთავებასთან დაკავშირებით და დასუფთავების სამსახურს ისეთივე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს, როგორც ადრე მუშაობდნენ. "ყველა სიახლე" ამ საკითხზე რამდენიმე მოქალაქეს გაესაუბრა.
ნინო ნებიერიძე: სანაგვე ყუთებს იშვიათად რეცხავენ. გარდა იმისა, რომ ძალიან ბინძურად გამოიყურება, სიცხეში საშინელი სუნიც აქვს. ქუჩაში გავლისას ხშირად მიგრძნია ტროტუართან მდგარი ნაგვის ყუთების უსიამოვნო სუნი. მართალია, ნაგვის ყუთებს ცლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, იშვიათად რეცხავენ და დეზინფექციას არ უტარებენ.
გია ნადირაძე: მე პირადად სანაგვე ყუთების შემცირება მაწუხებს. ხშირად ნაგვის ტარება საკმაოდ დიდი მანძილზე მიწევს, ყუთი რომ მოვძებნო და გადავაგდო.
როგორც "ყველა სიახლეს" თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა განუცხადა, სანაგვე ყუთებს თვეში მხოლოდ ერთხელ რეცხავენ.
მისი თქმით, ამაზე მეტი სიხშირით ყუთების რეცხვა წარმოუდგენელია, რადგან ქალაქში დიდი ოდენობით ნაგვის ურნებია და შეუძლებელია მათი ყოველკვირეულად, მით უმეტეს ყოველდღიურად რეცხვა და დეზინფექციის გაკეთება. ამასთან, დასუფთავების სამსახურის უფროსი უარყოფს ინფორმაციას ნაგვის ურნების რაოდენობის შემცირების თაობაზე. შიოლაშვილის განმარტებით, ურნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ და ამცირებენ, თუ ამის თაობაზე მოსახლეობა განცხადებით მიმართავს.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)