ტელეწამყვან გვანცა დარასელიას დედა - ნატა ღეჩუაშვილი პროფესიით ექიმია, ტატიშვილის კლინიკის რადიოლოგი, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი მის შესახებ, წერს ლექსებს, გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული ("ვაგროვებ ფერებს" და "ნეტავ, ისევ ვიყო პატარა") ახლა კი მესამე წიგნზე მუშაობს, სახელწოდებით "ფოთლის აღსარება", რომელშიც როგორც ძველი, ასევე ახალი ლექსები შევა. კრებულის პრეზენტაციას კი, როგორც ამბობს, სექტემბერში აპირებს. გარდა ამისა, ნატა მუშაობს დისკზეც, რომელშიც გადაწყვეტილი აქვს, მის ტექსტებზე შექმნილ ცნობილი კომპოზიტორების სიმღერები შევიდეს (მათ შორის გოგი ცაბაძის ორი ნამუშევარი), ასევე მისი და მისი ქალიშვილის, გვანცა დარასელიას და რამდენიმე ტრიოს ნამღერიც. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერებისთვის მუსიკას და ტექსტებსაც თავად წერს. მოკლედ, ავტორ-შემსრულებელია. "ამბები.გე" ქალბატონ ნატას დაუკავშირდა.
- ე.ი. გვანცა დარასელიას დედაც ამღერდა?
- გვანცა დარასელია დედა სულ მღეროდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, ისეთი პერიოდი შეიქმნა, რომ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ვეღარ ვცხოვრობდი და მხოლოდ ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული. მინდოდა, ჩემს სპეციალობაში დავხელოვნებულიყავი. ამასობაში, მედიცინაში დიდი გამოცდილება დავაგროვე. მოკლედ, ჩემი პროფესია იმ ეტაპის და საერთოდ ბევრი რამის დაძლევაში დამეხმარა. პარაელურად ვზრდიდი შვილებს, უნდა ვთქვა, რომ გვანცას გარდა, მყავს ვაჟი, რომელიც პროფესიონალი მომღერალია და წლებია, ანსამბლ "მთიებში" მღერის. ახლა, როცა შვილები დაოჯახდნენ, თითქოს მეტად მოვიცალე ჩემი შემოქმედებისთვის და ვცდილობ, ბევრი რამ გავაკეთო. რატომაც არა? იმ დღეს ჩემს შვილთან, გვანცასთან ერთად, ერთ-ერთ რადიოში გახლდით და უამრავი ლექსი წავიკითხე, ვიმღერეთ. ჩემს სიმღერაზე გვანცასთან ერთად, დუეტიც მაქვს ჩაწერილი, რომელიც რადიოში ტრიალებს.
- მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მაინც როგორც გვანცა დარასელია დედას, ისე გიცნობენ... რას ნიშნავს, როდესაც ასეთი პოპულარული შვილი გყავთ?
- ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ბედნიერება ის კი არ არის, რომ გვანცა პოპულარულია, მიხარია, რომ ის საზოგადოებას უყვარს. ამას ჩემი პაციენტებისგან ვიგებ, რომელებიც კლინიკაში მოდიან, - უდიდეს სითბოს გამოხატავენ ხოლმე. მეუბნებიან, რომ არის ჭკვიანი, განათლებული... დედას მეტი რა უნდა? მოკლედ, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბების.გე"-სთვის