საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა 1894 წელს პოლონელ არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აიგო. შიმკევიჩი თბილისში სამუშაოდ 1885 წელს ჩამოვიდა, ის მხოლოდ მნიშვნელოვან შენობებს აპროექტებდა. შენობა თავიდანვე სასამართლოსთვის იყო განკუთვნილი, ქუჩასაც ამიტომ ეწოდა ტრიბუნალის ქუჩა. 1926 წლის შემდეგ ტრიბუნალის ქუჩას ორჯერ შეუცვალეს სახელი, ჯერ ათარბეგოვის, ახლა კი ძმები ზუბალაშვილების სახელს ატარებს. 1921 წლამდე აქ მხოლოდ სასამართლო იყო განთავსებული, მაგრამ შემდეგ ამ შენობაში 17 სხვადასხვა უწყება შეასახლეს, აქვე იყო იუსტიციის სამინისტროც და პროკურატურაც. ეს კი ხელს უშლიდა მართლმსაჯულების შესაბამის პირობებში აღსრულებას. აქ ხშირად დაუსწრებლად გამოჰქონდათ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა განაჩენი. 1920-დან 1930 წლამდე სასამართლომ 5 თავმჯდომარე გამოიცვალა. დავით ხელთუფლიშვილი, გალაქტიონ ვაშაძე, კონსტანტინე ცინცაძე და ალექსანდრე კაჭარავა ბოლშევიკურ რეჟიმს ემსხვერპლნენ. ზოგიერთი მათგანი უეცრად ასრულებდა სიცოცხლეს, ზოგიერთი კი გადაასახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, რეპრესიების პირველი მსხვერპლი დავით ხელთუფლიშვილი იყო, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს - სასამართლოს ეზოში წამებით მოკლეს.
ზუსტი ცნობები ხელთუფლიშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ არ მოიძებნება. შენობას თავდაპირველი დანიშნულება და იერსახე 1973 წელს დაუბრუნდა, მისი რეკონსტრუქცია თეიმურაზ ჯაფარიძეს დაევალა. გავრცელებული ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში არაერთხელ შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს შენობაში ღამით თეთრი აჩრდილი დადის, რომელიც ხანდახან ხმამაღლა იცინის, იშვიათად მღერის კიდეც. აჩრდილი ძირითადად შენობის პირველ სართულზე და სასამართლოს ეზოში ჩნდება, ხანდახან თურმე აგრესიულიც არის და შემზარავად გმინავს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა, უზენაესი სასამართლოს დაცვა ხშირად იცვლება, რადგან ბიჭებს თეთრი აჩრდილისა და უცნაური ხმების ძალიან ეშინიათ.
თამარ ტოფაძე: ეს ტერიტორია იდუმალებით არის მოცული, ქართველი ხალხი სიხარულს და ტკივილს სწორედ რუსთაველზე უზიარებს ერთმანეთს. რუსთაველზე პარლამენტი იუნკრების საფლავზე ააშენეს, ამიტომ არავის უკვირს უცნაური მოვლენები: იდუმალი ხმები, ლანდები, მოჩვენებები და ა.შ. შედგენილია თბილისში აშენებული სახლების ე.წ. პენტოგრამა და უზენაესი სასამართლოც ზუსტად იმ სარტყელშია მოქცეული, სადაც ეს სახლები მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება ერთმანეთს.
- შეგიმჩნევიათ აქ უცნაური მოვლენები?
- მე სასამართლოს ეზოში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ადრე დაცვის ბიჭებისგან გამიგია, რომ ისინი ხშირად ხედავენ აქ თეთრ აჩრდილს. ღამით, როცა არავინ არის შენობაში, ისმის იატაკის ჭრიალის, სკამისა და მაგიდის გაწევის ხმა. ხანდახან თურმე სიმღერაც ესმით. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ არასასურველი განაჩენის გამოტანისთვის მოსამართლე დაწვეს. თითქოს მას შემდეგ დაიდო სასამართლოში აჩრდილმა ბინა.
- არასასურველი განაჩენი ვის გამოუტანეს?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ეს დაახლოებით 1921 წლის მოვლენების შემდეგ მოხდა. მაგრამ რა განაჩენი გამოიტანეს და რა მოხდა, ვერ გეტყვით. გადმოცემით ვიცი, რომ მოსამართლე სასამართლოს ეზოში დაწვეს. სტალინის რეჟიმის დროს დახვრეტას სწორედ აქ უსჯიდნენ ხალხს, ზოგს წინასწარ კლავდნენ და მერე აქ გამოჰქონდათ დახვრეტის განაჩენი. აქედან ათასი ცოდვა ტრიალებდა ქვეყანაში და არც მიკვირს რასაც ამბობენ.
ქრისტინე ფირცხალაიშვილი: გამიგია, თითქოს აქ მოჩვენება ცხოვრობს და არის ძალიან აგრესიული. ამბობენ, რომ ხანდახან შემზარავი ხმით კივის, ზოგჯერ მღერის კიდეც. მაგრამ მე აქვე ვცხოვრობ, ხშირად მიწევს ქუჩაში ღამით გამოსვლა და აქ არანაირი მოჩვენება არ მინახავს. ხალხის მოგონილია ეს ყველაფერი, ამბობენ, თითქოს დაცვის ბიჭები ხედავენ ამ აჩრდილს და ახალ თანამშრომელს, რომ მიიღებენ სამსახურში, ამ აჩრდილით აშინებენ, ეტყობა, ნასვამი იყო რომელიმე მათგანი სამსახურში და მოეჩვენა ეს ყველაფერი. აბა, როგორ დავიჯერო, რომ გარდაცვლილის აჩრდილი დადის უზენაეს სასამართლოში? ერთხელ ხომ უნდა გამეგო მისი სიმღერის ან კივილის ხმა?
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)