თურქული სერიალი "ეზელი" , რომელიც პალიტრა TV- ს ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 19:30 საათზე გადის, მაყურებელმა უკვე შეიყვარა. უამრავ ქვეყანაში, სადაც "ეზელის" ჩვენება შედგა, განსაკუთრებულად მსახიობი ქალების სილამაზეს აღნიშნავენ.
როდესაც "ეზელის" გადაღება გადაწყდა, სერიალის პროდიუსერმა კარიმ ჯატაიმ გადაწყვიტა, ერთად შეეკრიბა თურქეთის ულამაზესი ქალები. ჯატაიმ მსახიობების კასტინგის პროდიუსერებს მოსთხოვა, მოენახათ თურქი მოდელები, რომლებიც ევროპულ პოდიუმებზე გამოდიოდნენ. ასე მოხვდნენ სერიალში ჯანსუ დერე, ბადე იშჩილი და ბერრაკ ტუზუნატაჩი.
ჯანსუ დერე, რომელმაც ქალის მთავარი როლი მიიღო, იმ მომენტისთვის უკვე რამდენიმე ფილმში და სერიალში იყო გადაღებული. მაგრამ უფრო როგორც მოდელი იყო ცნობილი. ეიშანის როლმა მას არნახული წარმატება და დიდი სარეკლამო კონტრაქტები მოუტანა. სწორედ ამ დღეებში ჟანსუ დერე როგორც L’OrÈal Paris-ის სახე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმყოფება.
მეორე მოდელი, რომელიც "ეზელმა" ცნობილ მსახიობად აქცია, არის ბადე იშჩილი - სერიალში შებნები, რომელიც ეზელს შურისძიების განხორციელებაში ეხმარება. 29 წლის ბადე დღეისთვის ცნობილი მსახიობი და რამდენიმე თურქული ბრენდის სახეა. "ეზელის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მისი პირადი ცხოვრებაც აეწყო, მან გაიცნო ბიზნესმენი მალკოჩ სუაპი და 31 მაისს მთელი თურქეთი მათ ქორწილს ელოდება.
ბერრაკ ტუზუნატაჩი სერიალში ჯერ არ გამოჩენილა. წინასწარ არ ვიტყვით, რა როლი ექნება ბერრაკს, თუმცა გარწმუნებთ რომ ის აუცილებლად მიიქცევს ეზელის და მაყურებლის ყურადღებას. ულამაზესი თვალები, არაჩვეულებრივი ტანი, სამსახიობო ნიჭი - ამ ყველაფერმა დღეისთვის ბერრაკ ტუზუნატაჩი თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ და მდიდარ ქალად აქცია. მისი ფოტოები Marie Claire და Vogue-ის ყდებს ამშვენებს. 2012 წელს ბერრაკი თურქეთის ყველაზე სექსუალური ქალების ტოპ-ათეულში შევიდა.