ციხის ვიდეოფირის გავრცელებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ერთ-ერთ სუფრაზე, თქვენი მონა-მორჩილის "ნაციონალმა" მეგობარმა თანაგუნდელების გასამართლებლად "მოწმედ" პროქტოლოგი მოიყვანა. კერძოდ, ამტკიცებდა, იმ ცნობილ ვიდეოფირში პატიმარს ცოცხი "მხოლოდ" მიდებული ჰქონდა, რადგან პროქტოლოგმა მითხრა, სხვანაირად, ადამიანი სისხლდენისგან მოკვდებოდაო. მოკლედ, სუფრაზე ისეთი ამბავი ატყდა, ამ სტატიის ავტორს რომ არ ეყოჩაღა, ზემოხსენებულ "ნაციონალს" იქვე ჩაუტარებდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტს.
მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ პროქტოლოგს მოწმედ თვით ქვეყნის პირველი პირი, უმაღლესი მთავარსარდალი მოიყვანდა. როგორც იტყვიან ხოლმე, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მიხეილ სააკაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურმე რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ დაარწმუნა: ციხის ვიდეოფირი მონტაჟიაო, ხოლო მეგობრის პროქტოლოგ დედას კი პრეზიდენტისთვის დაუმტკიცებია, ცოცხის ვიდეოფირიც მონტაჟი იყო, რადგან ფიზიოლოგიურად ამის გაკეთება შეუძლებელიაო(!!!).
დაუჯერებელი ის არის, რომ ამ თემაზე პრეზიდენტი სრული სერიოზულობით საუბრობს.
პროქტოლოგი მოწმედ სააკაშვილმა მას შემდეგ მოიყვანა, რაც განაცხადა, ივანიშვილმა ვიდეოფირი ლადო ბედუკაძისგან 2 მილიონად იყიდაო. მანამდე კი, პრეზიდენტის მტკიცებით, ბედუკაძემ ფირი ნინო ბურჯანაძეს 400 ათასად შესთავაზა, მაგრამ მას ფული დაენანა.
ისე, სხვა ქვეყნის პირველ პირს მსგავსი რაღაც რომ ეთქვა, ატყდებოდა სკანდალი თავისი საგამოძიებო კომისიებითა თუ პარლამენტში დაბარებით. ჩვენთან კი ეს სერიოზულად იმ პირველკურსელებსაც არ აღუქვამთ, რომლებიც სააკაშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ. რას იზამ, მხოლოდ სტატუსი არ გიშველის, თუ "ბუნებამ არ გიშველა".
კინაღამ გამომრჩა - პრეზიდენტი სტუდენტებს რუსულ საფრთხეზეც ესაუბრა. "მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით. ზღვაში ვცურავთ და დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი? მითხრეს, ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა - როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს"", - უთქვამს პრეზიდენტს სტუდენტებისთვის.
სააკაშვილმა პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზეც ისაუბრა. მაგალითად, ბრძანა, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უფრო მე და ბატონი ლევანის ასაკის ხალხს გამოგვადგებაო. გავრცელებულ ვიდეოფირში არ ჩანს, ვის გულისხმობდა "ბატონ ლევანში" (სავარაუდოდ, ლევან ბერძენიშვილს) პრეზიდენტი. ისე, იმ შეხვედრაზე სააკაშვილმა პროფესორი ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა(?!).