ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლდნენ ე.წ. მესამე სამყაროდან ჩამოსული მოქალაქეები. ზოგი სწავლობს, ზოგი კი - სამსახურის პოვნას ცდილობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არალეგალების პრობლემა რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყნის წინაშეც მწვავედ დადგება.
ქვეყანაში მიგრაციის თვალსაზრისით შექმნილ არაერთგვაროვან სიტუაციაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური გვესაუბრება.
დღეს მიგრანტების პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას, ქვეყანაში შესვლა დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა: გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, საქართველომაც უნდა გადადგას ამგვარი ნაბიჯი, მით უმეტეს, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი და მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. უცხოელების ასეთი დიდი რაოდენობით შემოსვლა და დამკვიდრება ახლო მომავალში იქამდე მიგვიყვანს, რომ საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობად ვიქცევით. ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო კანონი უნდა ავამოქმედოთ, ქართული მიწების ხელაღებით გასხვისება, რამაც წინა ხელისუფლების დროს კატასტროფული მასშტაბი მიიღო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს... ვფიქრობ, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე მიწის გაყიდვა უნდა აიკრძალოს.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ბოლო ხანს საქართველოში მიგრანტთა რიცხვის ზრდა?
- მიგრაციის გამომწვევი არაერთი ფაქტორია, - პოლიტიკური, ეკონომიკური, დღეს კი წამყვან როლს ჭარბი მოსახლეობა ასრულებს. შეიძლება ითქვას, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მოსახლეობის რიცხვი აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში: ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში. ეს სახელმწიფოები ცდილობენ თავიანთი ტერიტორია როგორმე მოსახლეობისგან განტვირთონ და ამისათვის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთში გადაწყვეტენ წასვლას, გარკვეულ დახმარებასაც კი გამოყოფენ.
- ქართველი ხალხი, ტრადიციულად, ტოლერანტობით გამოირჩევა. როგორც ისტორიკოსი, არ მიიჩნევთ, რომ ამგვარი დამოკიდებულებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჩვენი შემწყნარებლობა?
- ტოლერანტობა ეროვნულობის, ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებელია. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი ქვეყანაა - 100-ზე მეტი ერისა და ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს და მათ არავინ ავიწროებს. მიგრანტების შეუზღუდავი შემოსვლა კი ჩვენი ქვეყნის ქართველ თუ ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას ერთნაირად შეუქმნის პრობლემებს არცთუ შორეულ მომავალში. მიგრანტთა პრობლემამ გერმანია და საფრანგეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური დილემის წინაშე დააყენა, ამიტომ სხვების გამოცდილებასა თუ შეცდომებზეც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ასე რომ, ქვეყნის მომავალზე ზრუნვას, მიგრაციის ტალღის დარეგულირებას ეთნიკურ შეუწყნარებლობასთან არაფერი აქვს საერთო!
ესაუბრა ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)