მთელი საქართველო შეძრა 2012 წლის სექტემბერში გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებულმა ტრაგედიამ. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს.
ჩვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებისთანავე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები გავრცელდა. ბავშვის გვამის დათვალიერების შემდეგ გამოძიება ოჯახის წევრთა დეტალურ დაკითხვას შეუდგა. თავდაპირველად ეჭვი თითქოს გარდაცვლილი ბავშვის ერთ-ერთ ნათესავზე ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია გამოირიცხა. ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებებით, ამ საქმესთან დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ამავე რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილის სანათესაოს. პატარა ბარბარეს დედა, დეიდა და რაფალიანცების ოჯახის რამდენიმე ახლობელი ამბობდა, რომ მათ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები (გვარებსაც ასახელებდნენ) ბავშვის მოტაცებით ემუქრებოდნენ, თუ ისინი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ მანანა ბერიკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას არ ჩამოშორდებოდნენ. გამოძიება ამ ვერსიასაც კვალში ჩაუდგა და დაიწყო გიორგი ღვინიაშვილის მომხრეთა დაკითხვა. მოკლედ, ასეა თუ ისე, მკვლელობის საქმე გაუხსნელი დარჩა - ბუნდოვანი იყო მკვლელობის მოტივიც და ისიც, თუ რა გარემოებაში მოხდა დანაშაული. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 10 თვის ბარბარე ქვევრში ჩაგდებისას ცოცხალი იყო და მისი გარდაცვალება თავდახურულ ქვევრში ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია. სამართალდამცველები იმის დასტურად, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება წინ მიდიოდა, განცხადებებსაც ხშირად აკეთებდნენ, თუმცა მოტივიც და ვერსიაც ამა თუ ჭორზე დაყრდნობით იცვლებოდა. შესაბამისად მრავალი ვერსია მუშავდებოდა. ამასობაში კი გამოძიებას გამორჩა მთავარი - წყლით სავსე ქვევრი, რომელშიც 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ჩაიხრჩო, წესიერად არც კი დაუთვალიერებიათ. არ ამოუტუმბავთ წყალი, არც შესაბამისი ფოტო და აუდიომასალა მოუმზადებიათ. გავრცელებული ინფორმაციით გამოძიების ამ უყურადღებობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე კვირის წინ რაფალიანცებმა ქვევრიდან წყალი თავად ამოტუმბეს და ფსკერზე იპოვეს ცისფერი სპორტული ჩანთა, რომელიც ოჯახის არც ერთ წევრს არ ეკუთვნის. ეს ამბავი პატარა ბარბარეს მშობლებმა გამოძიებას შეატყობინეს და ქვევრში ნაპოვნი ჩანთა ექსპერტიზას გადაეცა. უკვე სამი კვირა გავიდა, ექსპერტიზის პასუხი კი დღემდე უცნობია. რაფალიანცები საქმის გახსნას ითხოვენ და დახმარებისთვის ახალ ხელისუფლებას მიმართავენ.
7 თვის შემდეგ ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტრაგიკულ და შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებამ არ ან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალის გამორჩენა, როგორიც წყლით სავსე ქვევრის დათვალიერებაა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რისი ბრალია ეს, ამაზე საუბარი ძნელია. ყოველ შემთხვევაში, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ, მეტი მობილიზება იყო საჭირო.
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა და ამ ფაქტით პოლიტიკური სპეკულაციაც კი ხდებოდა. გურჯაანის რაიონის მაშინდელი მაჟორიტარობის კანდიდატები - "ქართული ოცნებიდან" მანანა ბერიკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ღვინიაშვილი - არჩევნებამდე ხალხს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერს იღონებდნენ სიმართლის დასადგენად. არჩევნების შემდეგ კი არც მანანა ბერიკაშვილს და არც გიორგი ღვინიაშვილს ამ დანაშაულის გახსნისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. არადა, ყველაზე მეტად ეს ორი ადამიანი უნდა იყოს ამ საქმით დაინტერესებული, რადგანაც ორივე მათგანის სახელი, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არასასურველ კონტექსტში იყო მოიხსენიებული.
ალბათ, დროა სამართალდამცველებმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნან და საიდუმლოებებით მოცულ მკვლელობას ნათელი მოჰფინონ.
აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის პოზიციით დავინტერესდით, თუმცა ამ სამართალდამცავ უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
დარეჯან ლიპარტელიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)