ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილი ელენე დუმბაძე ჟურნალ "რეიტინგში" მის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო აღშფოთებულია. ელენეს მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროვება არ სურს.
ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილი განაწყენებულია, რომ ჟურნალმა მასალა მასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე დაბეჭდა და მისი პირადი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ელენე დუმბაძე ამბობს, სტატია გაბერილია და მხოლოდ იმისთვის დაიწერა, რომ ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ბიზნესმენის ქალიშვილი უარყოფს, რომ მისი დედა პაატა შევარდნაძის კლასელია, თუმცა აღნიშნავს, რომ პაატა შევარდნაძე ოჯახის ახლობელია. მისივე თქმით, ბიზნესმენი მამა მილიონერი არ არის, ხოლო ქორწილი, რომელიც სტატიაში გრანდიოზულად იქნა მოხსენიებული, ჩვეულებრივი იყო. იგი ასევე უარყოფს, რომ დაბადების დღე პარიზის ცნობილ კლუბში გადაიხადა.
"ჩვეულებრივად, როგორც ადამიანები იხდიან ქორწილს, ისეთი ქორწილი გვქონდა, დაბადების დღესაც ვიხდი, როგორც ყველა. დაბადების დღე პარიზში, ჩვეულებრივ ადგილას გადავიხადე და ეს თუ რამე უჩვეულოა არ ვიცი", - განაცხადა ელენე დუმბაძემ.
მისივე თქმით, მცდარია ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, ბავშვობაში ფუფუნებაში იზრდებოდა. ელენე განმარტავს, რომ პარიზში სწავლისას, როგორც სტუდენტს ჰქონდა ბიუჯეტი და იქ ცხოვრება და სწავლა ძალიან რთული იყო.
ამასთან, ელენე ძალიან დიდ წარმატებას უსურვებს მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, რომელიც ჟურნალ "რეიტინგის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
იხილეთ სტატია: "სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა"