ნანკა კალატოზიშვილი ეკრანიდანაც და ახლა უკვე თეატრიდანაც საპატიო მიზეზით გაუჩინარდა. 33 წლის მსახიობი და მისი რჩეული, კალათბურთელი ირაკლი კეიდია, თავიანთ პირველ პატარას ელოდებიან. ნანკასა და ირაკლის სიყვარულის ამბავი რამდენიმე წელს ითვლის. მსახიობი და სპორტსმენი თავიანთი ურთიერთობების გაოფიციალურებას არ ჩქარობენ, თუმცა, როგორც ნანკა ამბობს, თუკი ისევ და ისევ ფორმალობისთვის, მათ ბავშვს დასჭირდება, მერე დაფიქრდებიან. ნანკასა და ირაკლის ერთობლივი ფოტოების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ნანკას არც ისე უყვარს ფოტოების გადაღება, ორსულობისას კი საჭიროდ არ მიაჩნია კამერის წინ პოზირება. ჩვენს გარეკანზე მოხვედრილი ფოტო სტუდიურია და ლაშა ღუღუნიშვილმა გადაიღო. ნანკასა და ირაკლის ფოტოალბომში ძირითადად ისეთივე სახალისო ფოტოებს ნახავთ, როგორიც თავად ეს წყვილია. როგორც ნანკა ამბობს, ირაკლიც მისნაირია და კამერას არ სწყალობს.
- ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ ვთამაშობდი სპექტაკლებს, თუმცა ვინაიდან მეშვიდე თვეში ვარ, მალე ალბათ ვეღარ შევძლებ. ისეთი დაკავებული, როგორიც ადრე ვიყავი, აღარ ვარ. ამიტომაც დრო უაზროდ რომ არ დავკარგო, გამაჯანსაღებელ ცენტრში დავდივარ კვირაში სამჯერ სპეციალურ ვარჯიშებზე, რაც ძალიან მომწონს და ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მივალ. ამ ვარჯიშის შემდეგ მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ და პატარისთვისაც კარგია.
- ახლანდელი პერიოდი გირჩევნია თუ ის, როდესაც აქტიურად იყავი დაკავებული სხვადასხვა სამსახურში?
- მიუხედავად დაღლისა, დატვირთული გრაფიკის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ, რა თქმა უნდა, დასვენებაც კარგია და რეალურად ახლა უფრო ამით ვარ დაკავებული. ძალიან მსიამოვნებდა ორსულობის პირველი 3 თვე, როდესაც სულ მეძინებოდა, მაგრამ ახლა პირიქით, სულ მინდა, რაიმე ვაკეთო. ტელევიზიაზე უფრო მეტად კი თეატრი მომაკლდა.
- სამომავლოდ ტელევიზიებიდან ხომ არ გაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?
- ჯერჯერობით, მართალი გითხრა, რასაც ვუყურებ, ტელევიზიებში ცოტა დასალაგებელია სიტუაცია და გეგმები, ამიტომ რამეზე ფიქრი ახლა მიჭირს. მით უმეტეს, როცა ტვინით ძალიან გადართული ვარ საკუთარ შედევრზე (იღიმება). სექტემბრიდან საქმიანობის მხრივ არაფერს ვგეგმავ. იმედია, ყველა და ყველაფერი უფრო მეტად დალაგდება.
- ბიჭს ელოდები თუ გოგონას?
- როგორც გაირკვა, ბიჭს ველოდები და ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. სახელის ვერსია გვაქვს, მაგრამ კიდევ ვფიქრობთ.
- მახსოვს, ადრე მითხარი, ქორწინება ფორმალობა და მხოლოდ ქაღალდიაო. დღესაც ასე ფიქრობ?
- ჩემთვის ახლაც ფორმალობაა და ამ საკითხს მეტი სერიოზულობით მაინც ვერ შევხედე, თუმცა ბავშვს თუ დასჭირდება, ისევ ამ ფორმალობისთვის და ქაღალდებისთვის, დისკომფორტს არ შევუქმნით და რამეს ვიზამთ. ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ.
- ნანკა, 33 წლის ხარ, მაგრამ მუდმივად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები და ერთი შეხედვით, ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ საკითხებს მსუბუქად უდგები. დღეს, როდესაც შენს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა, რას აღიქვამ სერიოზულად?
- მიხარია, თუ უპრობლემოდ გამოვიყურები, თუმცა 33 წლის ასაკში რომ გეკითხებიან სერიოზულად დაფიქრებაზე, მინიმუმ დამაბნეველია და შესაბამისად, აზრიც არ აქვს რაიმეს ახსნას - ასე იყო თუ სხვანაირად. დე, ყველამ აღმიქვას ისე, როგორც თავად უნდა, თუმცა მე მასებზე ვმუშაობ, მათთვის არ ვცხოვრობ!..
- დღევანდელი გადმოსახედიდან კმაყოფილი ხარ ცხოვრებით?
- მეშინია ვთქვა, რომ უკმაყოფილი ვარ და ეს რომ ვთქვა, უმადური უნდა ვიყო, თუმცა ყოველთვის არის ის, რისი გაკეთებაც გინდოდა და ვერ შეძელი. ალბათ მარტო ამ მიზეზის გამო თუ ვიქნები საკუთარი თავით უკმაყოფილო.
- როგორია შენი დღის განრიგი?
- დილა კივის ჭამით იწყება, მერე ვარჯიშით, მერე თუკი საქმე არ მაქვს, მეგობრებს ვნახულობ ან ფილმს ვუყურებ. ახლა, სამწუხაროდ, ვირუსების პერიოდია და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავს ვიკავებ. ამიტომაც ძირითადად ან ფილმს ვნახულობ, ან წიგნს ვკითხულობ.
- რაიმე ახალი გატაცება ხომ არ გაქვს?
- ვინაიდან საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, შესაძლოა, ცურვაზე მივიდე, რომ კიდევ უფრო გავირთო თავი, თუმცა ახალი ჰობი არ მაქვს.
- თუ ფიქრობ, რა პასუხისმგებლობას უკავშირდება შვილის გაჩენა და როგორი გინდა, გაიზარდოს?
- იმდენი რამ მაქვს წარმოდგენილი და იმდენს ვფიქრობ, ახლა აქ შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი.
- შენი და ირაკლის ურთიერთობა შეიცვალა?
- ურთიერთობა სულ იცვლის ფერებს, ახლა ხომ საერთოდ სხვა ფერზე დადგა, რაც კიდევ უფრო საინტერესოა.
- როდის ელოდებით პატარას?
- მაისის ბოლოდან მოლოდინის რეჟიმში ვართ.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)
ასევე იხილეთ: