ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის" ხელმძღვანელი ლელა გულედანი გვესაუბრება.
- აფხაზეთის კონფლიქტიდან ოცი წელი გავიდა და დევნილების 1980-იანი და მისი შემდგომი თაობის მეხსიერებას, ფაქტობრივად, აფხაზეთი აღარ შემორჩა, რუკით თუ იციან, სად არის. მიუხედავად ამისა, როცა დევნილ მოსახლეობაში გამოკითხვას ვატარებთ, მათ 99 პროცენტს აფხაზეთში დაბრუნება უნდა. პარალელურად, ამ გამოკითხვისას, რესპონდენტებს ვეკითხებით, სად არის კონფლიქტის მოგვარების გასაღები, რაზეც მათი 90 პროცენტზე მეტის პასუხი ასეთია: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში. ამგვარი მოსაზრება აქვთ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზეც. ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარების ისეთი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, სადაც ყველა დევნილი იქნება ჩართული. ამ ოცი წლის განმავლობაში არც ერთ მოლაპარაკებაში კონფლიქტის მხარეებთან, დევნილები არ მონაწილეობდნენ. ყოფილი ხელისუფლება აფხაზებთან კონტაქტსაც კი უშლიდა ხელს, არადა, დღეს სწორედ დევნილს აქვს კავშირი იქ დარჩენილ მეზობელთან, ნათესავთან, მეგობართან; უამრავი ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, ახერხებდა და ახერხებს აფხაზეთში, დე ფაქტო საზღვარზე გადასვლას, მაგრამ ეს სტიქიურად ხდება. სახელმწიფოს შეუძლია ამ კავშირების გამოყენება. ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, ორ წელიწადში, ვფიქრობ, რეალურ შედეგს მივაღწევთ. ჩვენს კონცეფციას ამ დღეებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს წარვუდგენთ. ვაპირებთ დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, შევქმნათ თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ლიდერებს აირჩევენ. არჩევნები 1200 ადგილზე უნდა გაიმართოს, შემდეგ ამ 1200 ლიდერიდან ნდობის ჯგუფი ჩამოყალიბდება 10 საუკეთესოს შემადგენლობით. ჩატარდება ყრილობა, რომელზეც დევნილები მათ შესაბამის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ. ეს ადამიანები მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ როცა თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო, მან დაიწყო კავშირების აღდგენა აფხაზებთან, კოდორის ხეობასა და სხვაგან კონკრეტული ღონისძიებებიც იგეგმებოდა, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს პროცესი დაბლოკა.
- რამ გამოიწვია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დევნილების სხვადასხვა ობიექტზე მასობრივი შეჭრა?
- სააკაშვილის ხელისუფლების სტრატეგიით, 4 წელიწადში ყველა დევნილი უნდა დაკმაყოფილებულიყო ბინით, მაგრამ, ამისთვის ფინანსები არ იყო. ამავე სტრატეგიით, დევნილთა კოლექტიური განსახლების ცენტრები უნდა დახურულიყო... ამ ობიექტებზე შეჭრილი დევნილები ძირითადად, კერძო სექტორში მცხოვრებნი არიან, რომლებიც 20 წელია ბინის ქირას იხდიან და სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, არაფერი მიუღიათ.
- ამჟამინდელი ხელისუფლება თუ ახერხებს ამ პრობლემების მოგვარებას?
- დევნილთა და განსახლების მინისტრმა დარახველიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრისას განგვიცხადა, რომ დევნილების განსახლებისთვის გამოყოფილი თანხა გასამმაგდა, დონორი ორგანიზაციებიც მეტად აქტიურობენ და ჯამში, 100 მილიონი ლარი დაიხარჯება დევნილების განსახლებისთვის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ 90 ათასი დევნილი ოჯახი გვყავს, მათგან საცხოვრებელი ფართობით მხოლოდ 25 ათასია დაკმაყოფილებული. რეგიონებში უკვე სამასამდე ბინაა გამზადებული დევნილებისთვის, ზუგდიდში მშენებლობები იწყება, თბილისში ჩაწერილ დევნილებს კი ფართობს დედაქალაქში შესთავაზებენ, აქაც იგეგმება მშენებლობა. თებერვლიდან საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესიც განახლდება.
- რაც შეეხება დევნილთა შემწეობებს, დახმარებებს?
- შემწეობები გაორმაგდება მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე დევნილებისთვის და 28-დან 60 ლარამდე მიაღწევს, ამავე თანხის 80 პროცენტი ემატება ოჯახის უფროსს. სოციალურად დაუცველ დევნილებს, რომელთა ქულა 57000-ზე ნაკლებია, ხელისუფლება ბინის ქირის 200 ლარის ოდენობით გადახდას ჰპირდება, თუმცა, ბინის ქირა თბილისის რაიონებში გაცილებით მეტია. მთავარია, დევნილებს გაუჩნდეთ რწმენა, რომ ხელისუფლება უსამართლოდ აღარ მოექცევა. მათი დაკმაყოფილება კი ეტაპობრივად მოხდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, დევნილების გარკვეული ჯგუფი თქვენს დანიშვნას ითხოვს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილედ...
- ჩემთვის მთავარი სოხუმში დაბრუნებაა. ახლახან ჩემი მეგობარი გაგრაში 1500-კაციან აფხაზურ ქორწილში იყო, ქართულად საუბრობდა აფხაზებთან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთად იხსენებდნენ დროს, როცა ყველა ერთად ვცხოვრობდით. ასე რომ, ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და არა კონფლიქტის მოგვარება, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილ დევნილთა განსახლებისა და დაბრუნების სახელმწიფო სტრატეგიაშია აღნიშნული და სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე. ახალმა ხელისუფლებამ ეს სტრატეგია ძირეულად უნდა შეცვალოს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)