დიზაინერი ჯონ გალიანო, რომელმაც ანტისემიტური განცხადების გამო Christian Dior-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დაკარგა, კვლავ სკანდალში გაეხვია.
წლის დასაწყისში გალიანო ამერიკელი დიზაინერის, ოსკარ დე ლა რენტას მიწვევით ნიუ-იორკში ჩავიდა. ოსკარ დე ლა რენტამ გალიანოს რეაბილიტაციის მისია იკისრა. 12 თებერვალს დიზაინერი მანჰეტენზე სტუმართმოყვარე მეგობრის სახლიდან უცნაური ტანსაცმლით გამოვიდა, რომელიც ტრადიციულ ხასიდის კოსტუმს ძალიან ჰგავდა. იგი შავ გრძელ კოსტუმში, შავ ქუდსა და წინდებში ჩატანებული მოკლე შარვალში იყო გამოწყობილი. ქუდიდან კი კულულები უჩანდა.
ვილიამსბურგის ებრაული საზოგადოების ლიდერმა ისაკ აბრახამმა გამოცემა The New York Post-თან განაცხადა, რომ დიზაინერი, ადგილობრივი ებრაელების გაღიზიანებას ცდილობდა. ბრუკლინის საკანონმდებლო სხდომის წევრმა დოვ ჰაიკინდმა კი აღნიშნა, რომ მსგავსად ჩაცმული სხვა ადამიანის დანახვისას, არ იცის, რას იფიქრებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარი "ებრაელების შეურაცხმყოფელ ადამიანს" ეხება.
გალიანო, რომელიც 1996 წლიდან მოდის სახლ Christian Dior-ში მუშაობდა, 2011 წლის 24 თებერვალს პარიზში პოპულარული კაფე La Perle-ს სტუმრებთან კამათის შემდეგ დააკავეს. განაწყენებულმა წყვილმა დიზაინერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მას ანტისემიტურ გამონათქვამებში დასდო ბრალი.
Dior-მა ეპატაჟური არტ-დირექტორი გაათავისუფლა, ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 6 000 ევროს ჯარიმა და გამოსასწორებელი ვადა დაუწესა.
მომზადებულია The New York Post-ის მიხედვით.