გაზის ტარიფი გაზის შესასყიდი ფასის შემცირების ხარჯზე გაიაფდება, ანუ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოსახლეობისთვის განკუთვნილ გაზს შედარებით იაფად მიჰყიდის. პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტარიფი თებერვლიდან დაიკლებს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, ახალი ფასი ზუსტად რომელ რიცხვში გამოცხადდება.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი მხოლოდ 5-7 თეთრით (გაზის ღირებულება ახალი და ძველი აბონენტებისთვისაც 51 თეთრიდან 70 თეთრამდე მერყეობს) გაიაფდება. ამ რაოდენობამდე შემცირებამდეც კი მთავრობას ორთვიანი მუშაობა დასჭირდა.
ტარიფის ცვლილების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბუნებრივი აირი ამჯერად 10%-ით გაიაფდება. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობას ისევ აგრძელებს და ივანიშვილს ეიმედება, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილება გაზის შესასყიდი ფასის შემცირების ხარჯზე მოხდება. მისი ინფორმაციით, გაზი 10%-ით გაიაფდება ახალი აბონენტებისთვისაც.
ცნობისთვის, გაზის მომხმარებელი ყოფილმა მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა "ახლებად და ძველებად" 2008 წლის ზაფხულში დაყო, როდესაც #73 ბრძანების მიხედვით, "ბუნებრივი აირის მიწოდების საქმიანობა გამოცხადდა დარეგულირებულად, ხოლო ნაწილობრივ დარეგულირებულად 2008 წლის 1-ელ აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის". ამ ბრძანების მიხედვით, ახალ აბონენტებს რაიონების მიხედვით 1 კბ/მ აირი 60-70 თეთრამდე გაუძვირდათ.
ილია ელოშვილი ვერ აკონკრეტებს, ზუსტად როდის გამოცხადდება ახალი ტარიფი, თუმცა ამბობს, რომ ეს თებერვალში ნამდვილად მოხდება.
შეგახსსენებთ, რომ ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტარიფი შიდა რესურსების ხარჯზე შემცირდება, ვინაიდან საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს ძალიან იაფად ყიდულობს.
"რეალურად ჩვენ გაზს აზერბაიჯანიდან ძალიან იაფად ვყიდულობთ, ამაზე მე უკვე ვისაუბრე საქართველოში, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გაზს 145 დოლარად ვყიდულობთ. ამასთან დაკავშირებით ალიევმა განმიმარტა, რომ ქვეყნის შიგნით 130 დოლარად ყიდიან გაზს და თუ კურსს გადავათამაშებთ, გამოდის, რომ 130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, ჩვენ კი 145 დოლარად გვაძლევენ, რისთვისაც მე მადლობა გადავუხადე მათ",- განაცხადა ივანიშვილმა.
ტარიფის შემცირება შიდა რესურსების ხარჯზე რომ მოხდებოდა, უკვე ცნობილი იყო, თუმცა ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ტარიფის უფრო მეტად შემცირების რესურსი არსებობს. იმ რესურსებით, რომელიც საქართველოს ბუნებრივ აირთან დაკავშირებით გააჩნია, გაზის ტარიფის 38-40 თეთრამდე შემცირება სავსებით რეალურია. თავის დროზე ამ გათვლებს ეთანხმებოდა "არაოფიციალურად" პრემიერის მრჩევლის სტატუსის მქონე გია ხუხაშვილიც. კერძოდ, ხუხაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში გაზის ტარიფი მაქსიმუმ 40-42 თეთრი უნდა იყოს.
ენერგეტიკოსი რეზო არველაძე ამბობს, რომ გაზის ტარიფის 8-10 თეთრით შემცირება თავისუფლად არის შესაძლებელი. "ჩემი გაანგარიშებით, ტარიფის 10 თეთრამდე შემცირება შეიძლება. ზოგო ამბობს, რომ ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი უფასო არ არის. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ ამ გაზში ფულს არ ვიხდით, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს გაზი არის უფასო.
ბუნებრივია, სახელმწიფო კონკრეტული გათვლების საფუძველზე ამ გაზს ადებს ფასს და ანგარიშობს შეწონილ ტარიფს, თუმცა ეს არის ის რესურსი, რომლითაც შესაძლებელია, მოსახლეობას ბუნებრივი აირი უფრო დაბალი ტარიფით მიეწოდებოდეს",- ამბობს რეზო არველაძე.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტარიფი კიდევ უფრო შემცირდება. ასეთივე სურვილი აქვთ ექსპერტებსაც. მათი აზრით, ბუნებრივი აირის ფასი, საქართველოში არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბოლოს და ბოლოს რეალურ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
მაკა ხარაზიშვილი