გიორგი ვარდოსანიძე ორ წელზე მეტი შეყვარებული გახლდათ. ჟურნალისტებთან ის თავის გრძნობებზე საუბარს არ ერიდებოდა და ხშირად ნახავდით სხვადასხვა ჟურნალში თავის რჩეულ თამთა შალამბერიძესთან ერთად. წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. თამთაც მსახიობია, სერიალში თამაშობდა და სწორედ იქ მიაკითხა გიორგიმ თავის მეგობრებს, სანაცნობო წრიდან კი მომავალი შეყვარებული გაიცნო. 2010 წლის მაისიდან მოყოლებული დღემდე გიორგი და თამთა ერთად იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ მათ დაქორწინებას ხელს არაფერი შეუშლიდა. გიორგი ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში ამბობდა, რომ თავადაც ეჭვიანი იყო და თამთაც, თუმცა ზომიერებას ინარჩუნებდნენ. მათ ურთიერთობაში, როგორც თამთა ჰყვებოდა, იყო ბევრი რომანტიკა და საჩუქრები.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შეყვარებულს მესამე ადამიანის გამო დაშორდა. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სალომე ჭაჭუასთან იმდენად იდეალურად იყო შეწყობილი, რომ ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, ხომ არ არის ეს მესამე ადამიანი სწორედ ცნობილი მოცეკვავე. სალომეს შეყვარებულიც, გიორგის მსგავსად, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, გიგი გაჩეჩილაძე და სალომე პრესაში ბოლო დრომდე აქტიურად ჩანდნენ და დაქორწინების შესახებ საუბრობდნენ. სიმართლის გასაგებად ჯერ გიორგის დავუკავშირდით, შემდეგ სალომეს.
გიორგი ვარდოსანიძე:
- მართალია, შეყვარებულს ნამდვილად დავშორდი, მაგრამ, მართალი გითხრა, ამ თემაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა, ჯერჯერობით. ინტერვიუებს შეყვარებულთან დაშორებაზე ვერ მივცემ.
- ამბობენ, რომ თამთას სალომე ჭაჭუას გამო დაშორდი.
- არა, ეს კი სისულელეა. ეგ ჭორი მეც გავიგე და ბევრი ვიცინე. სალომე ჩვენი დაშორების მიზეზი არ არის. დავშორდით სხვა, სრულიად ჩვეულებრივი მიზეზების გამო. მესამე ადამიანი აქ არ ჩარეულა.
- ელოდები ვინმეს პირად ცხოვრებაში?
- ველოდები კარგი ნათქვამია (იცინის). წარმოდგენა არ მაქვს, არა, ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას.
- რას საქმიანობ?
- ცეკვების მერე რეაბილიტაციის პროცესი დადგა. მთლიანად საქმეებზე ვარ გადართული. პირველ რიგში, თეატრში, რადგან ცეკვების გამო ყურადღება მოვაკელი, პრემიერისთვის ვემზადები. რადიოგადაცემასაც ვამზადებ, რადიოს დავუბრუნდი, ასევე ტელეგადაცემებზეც არის გარკვეული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ.
- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მეორე ადგილმა გული არ დაგწყვიტა?
- არა, რაც მინდოდა, ის ავტოფარეხში დგას, ძალიან საყვარელი ბიჭია ჩემი მანქანა, რომელიც მეორე ადგილისთვის გადმომცეს (იღიმება).
სალომე ჭაჭუა:
- გიორგი შეყვარებულს დაშორდა? პირველად მესმის.
- ამბობენ, სალომეს გამო დაშორდაო...
- (იცინის) ჩემ გამო რატომ უნდა დაშორებოდა?
- რადგან ტელეწყვილი იყავით, ალბათ, იფიქრეს, რომ რომანტიკული ურთიერთობები გაკავშირებდათ.
- რა სისულელეა. მე და გიგი კვლავ ერთად ვართ.
dj ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)