5 წელი გავიდა უკვე, რაც ცოლი შევირთე. თავიდან როგორც ყველას, მეც ყველაფერი კარგად მქონდა აწყობილი (ცოლთან ურთიერთობას ვგულისხმობ). მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე კერძო დაცვაშიც ვიმუშავე და თავს არ ვზოგავდი იმისთვის, რომ ცოლს არაფერი მოჰკლებოდა. ასე წვალებაში გავატარე 3 წელი და როგორც იქნა, ვიშოვე სტაბილური სამსახური.
უკვე მატერიალურად აღარ გვიჭირდა, მაგრამ თავი იჩინა ერთმა პრობლემამ, ცოლის მხრიდან - დაიწყო ეჭვიანობა და თანდათან უფრო ღრმად შედიოდა ამ ჭაობში. არადა, ეჭვიანობის საბაბს ნამდვილად არ ვაძლევდი, მაგრამ უკვე საშინლად მიმწარებდა ცხოვრებას. იმ გადაწყვეტილებამდეც ხშირად მივსულვარ, რომ დავშორებოდი, მაგრამ რა მაჩერებდა, არ ვიცი. დაშორებაზე იმის გამოც ვფიქრობდი, რომ ამდენი ხნის მანძილზე შვილი არ გვყავდა. როგორც გავარკვიეთ, მისი ბრალი ყოფილა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სამსახურში, სადაც მე ვმუშაობდი, უფროსმა მოიყვანა ახალი თანამშრომელი - 23 წლის, ძალიან ლამაზი და მხიარული გოგონა. ფიზიკურად კარგად გამოვიყურები და სიმპათიურიც ვარ.
ასე რომ, სულ რაღაც 2 კვირაში დავიმსახურე ამ გოგოს ცოტაოდენი ყურადღება და ერთი-ორი გემრიელი ღიმილიც (რომელიც ძალიან უხდებოდა). აქედან უკვე მეც დავიწყე აქტიურობა და შედეგმაც არ დააყოვნა. საჩუქრები, ყვავილები და მილოცვები არ მავიწყდებოდა. ერთ საღამოს რესტორანში დავპატიჟე და უარი არ უთქვამს. მხოლოდ ორნი ვიყავით. ძალიან სასიამოვნო და თბილი საუბარი გვქონდა, მერე ვთხოვე, სადმე გაგვესეირნა და არც ამაზე უთქვამს უარი. სეირნობისას თვითონვე მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა. მეც გულახდილად მოვუყევი ყველაფერი და უნებურად ჩავეხუტე კიდეც (მან ნაწილობრივ იცოდა, თუ რა მდგომარეობა მქონდა ცოლთან). თვითონაც მომეხვია და მითხრა, რომ ჩემ გვერდით იქნებოდა. ამან უფრო მეტი სტიმული მომცა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. ცოტა ხნის შემდეგ ოქროს ბეჭედი და სამაჯური ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა. მოკლედ რომ ვთქვა, ავაწყვეთ ძალზე თბილი ურთიერთობა.
მისგანაც ისეთივე სითბო მოდიოდა, როგორიც მე მქონდა მის მიმართ, მაგრამ აქ უკვე ცოტა სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, რადგან სანამ მე ამასთან ახალ ურთიერთობას ვაწყობდი, ამ დროს ცოლი მიმტკიცებდა, რომ შეცდომას მიხვდა და ეჭვიანობა დაძლია. მართლაც ასე იყო, მან ეს შეძლო, მაგრამ ჩემი გული უკვე სხვისკენ იწევდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი გაიგო. ამას რა თქმა უნდა, დიდი ამბავი მოჰყვა. - რაღაცით მინდა ხელი შეგიშალოთო, ახლა მეუბნება, მაგრამ მე და ჩემს სიხარულს უკვე ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ცალ-ცალკე ვეღარ ვძლებთ. თან ამაში ჩვენი სამსახურიც გვეხმარება, რადგან ორივე ისევ იმ ბედნიერ ადგილზე ვმუშაობთ, სადაც 2 წლის წინ გავიცანი ჩემი თამთა.
თქვენი ერთგული მკითხველი, ლევანი.