შარშან ზაფხულს მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ბუნების წიაღში გვექეიფა. შევიკრიბეთ და 2 მანქანით ბაზალეთისკენ მიმავალ გზას დავადექით. ტყეში კოცონი დავანთეთ, მწვადი შევწვით და კარგად მოვილხინეთ. საერთოდ, სასმელს არასოდეს ვსვამ, სუნსაც კი ვერ ვიტან, მაგრამ იმ დღეს კაეშანი შემომაწვა, შეყვარებულთან უთანხმოების გამო და რატომღაც დათრობა მომინდა. ავყევი გულისხმას და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი; არც განსხვავებულ სასმისზე მითქვამს უარი. ერთი სიტყვით, მაგრად დავთვერი და ერთი სუფრის წევრი თვალში აღარ მომივიდა (ის მეგობარ ბიჭს ახლდა).
ავუხირდი და ჯერ თავზე სასმელი გადავასხი, შემდეგ კუნძი გადავუბრუნე, რომელზეც იჯდა... უკვე კარგად დაღამებული იყო, როდესაც შინისკენ გამოვწიეთ. გზაში ავტყდი, გამიჩერეთ, ტუალეტში მინდა-მეთქი. რომ არ გამიჩერეს, ჯერ ვიტირე, შემდეგ ვიჩხუბე და ვაიძულე, გაეჩერებინათ. ტყის პირას ვიყავით. გადავწყვიტე, შიგნით შევსულიყავი (იმდენი აზრი კი მქონდა, რომ იქვე ჩაცუცქება არ შეიძლებოდა), რაღაც არხს გადავახტი, ჩემი საქმე მოვითავე და უკან დაბრუნებისას იმ არხში ქოში ჩამივარდა. გრძელი სარაფანი მეცვა.
ავიწიე, წავიკუზე და ქოშის ძებნა დავიწყე. წავიქეცი. დავჯექი, ფეხები გავშალე და ქოშის ძებნა გავაგრძელე, რადგან ადგომის თავი არ მქონდა. ვატყაპუნებდი ტალახში ხელებს და ვტიროდი - რაღა მეშველება? შინ ფეხშიშველი როგორ მივიდე-მეთქი? ვერ ვიპოვე, ამიტომ მეორე ქოშიც გავიხადე და შორს მოვისროლე. პირდაპირ წამოდგომა ვერ შევძელი, ამიტომ, გვერდზე გადავბრუნდი, ოთხზე დავდექი და ისე წამოვდექი. ამასობაში, რომ შემაგვიანდა, ძებნა დამიწყეს და როგორც იქნა, მიპოვეს, თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოსვრილი. - ასე დათხუპნილი მანქანაში როგორ ჩაგსვათო? მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდათ? ასე, ღორივით მოთხუპნილი მივედი შინ, თანაც - ფეხშიშველი. მამაჩემმა კინაღამ დამახრჩო. მეორე დღეს მანქანა მე გამარეცხვინეს, მერე მთელი თვის განმავლობაში ვისმენდი რჩევა-დარიგებებს მშობლებისგან და უკვე მთელი წელია, დამცინიან მეგობრები.