გამარჯობა. ძალიან მინდა, გული გადაგიშალოთ. სულ თავიდან დავიწყებ: უცნაური ბავშვი ვიყავი, ძალიან ჩაკეტილი, კომპლექსიანი, ჩემი სამყარო მქონდა, რომელშიც მარტო მე ვცხოვრობდი. ბავშვობიდან ერთ უცნაურ სიზმარს ვხედავდი. ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ სიტყვებით ისე ვერ გადმოვცემ, რასაც სიზმარში განვიცდიდი. ვხედავდი, კლდეები როგორ ინგრეოდა, ქვები ცვიოდა, იშლებოდა... ძალიან მთრგუნავდა ეს სიზმარი. სულ თვალწინ მიდგას და დღემდე მახსოვს.
იცით, რა აღმოვაჩინე ჩემს თავში? წინადღეს თუ სიზმარში მიწისძვრას ვნახავდი, მეორე დღეს აუცილებლად სადღაც მიწისძვრა ხდებოდა. ახლაც, უნებურად თუ გავიფიქრებ, მიწისძვრა იქნება-მეთქი, მეორე დღეს ტელევიზორიდან ვიგებ, რომ რომელიღაც ქვეყანაში მართლაც მოხდა. თავად მიკვირს, ასე რატომ ემთხვევა. ალბათ რაღაც შეგრძნება მაქვს გაძლიერებული. ბოლომდე ვერ ვხსნი ამ მოვლენას. ერთი სიტყვით, ჩემს კომპლექსებთან ერთად ვაგრძელებდი ცხოვრებას. ძალიან სიტყვაძვირი ვიყავი, სხვისი მოსმენა უფრო მიყვარდა, ვიდრე ლაპარაკი.
არ მიყვარდა, როცა ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი. წერით გაცილებით უკეთ გამოვხატავდი ჩემს სათქმელს, ვიდრე ლაპარაკით. 40 წლის ასაკშიც ასეთი ვარ და ალბათ ბოლომდე ასე დავრჩები. მინდა, უკეთესი გავხდე, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, არაფერი გამოვა ამ საქმიდან. ძალიან დავიღალე ასეთი ცხოვრებით.
წავალ აწი... ნახვამდის.