სიკეთის გაკეთება რომ შეძლო და ვინმემ სიკეთეზე სიკეთით გიპასუხოს და დაგიფასოს, იშვიათობაა და ასეთ გამორჩეულ ამბავს მინდა მოგიყვეთ. მერაბი უბრალო კაცია, მისი ყველაზე დიდი პლუსი ღვთისგან მინიჭებული კეთილი გულია და ამიტომაც ეხმარება ყველას უანგაროდ. მერაბი ცოლთან ერთად ცხოვრობს, საფლავის ქვებს აკეთებს და ოჯახს ასე არჩენს. ერთხელ მის მეზობლად მცხოვრები, მისი მეგობარი კაცი დაიღუპა. მერაბმა იცოდა მათი ოჯახის გაჭირვების შესახებ და საფლავის ქვა აჩუქა და იქვე პირობაც დადო, ღმერთმა იმ დღეს არ მომასწროს და თუ მაინც ვინმე ჩემზე უწინ დაიღუპება, საფლავის ქვას ყველას მივცემ, მეტი მე მაინც არაფერი გამაჩნიაო. იმ დღის მერე ასეა.
მერაბი მოხუცდა, მუშაობაც აღარ შეეძლო, სიკვდილს ებრძოდა თავადაც. ერთადერთი საფლავის ქვა ჰქონდა გადანახული თავისთვის, მეზობელი გარდაიცვალა და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის საფლავის ქვა მას მისცა. ბოლოს კი მერაბისთვისაც დადგა ის დრო, ყველა მოკვდავის ცხოვრებაში რომ დგება. სუფთა წავიდა იმ ქვეყნად, მეზობლებმა გაასვენეს, საფლავის ქვაც უყიდეს და ჭიქა არ აიწევა მათ უბანში ისე, რომ მერაბი არ მოიგონიონ და მის კარგ ადამიანობაზე რაიმე არ თქვან... ტყუილად როდი უთქვამს ხალხს: "მადლი ქენი ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება".
ლუნა.