გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია დააკავეს. "ინტერპრესნიუსი" ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის მოპოვებას ამ წუთებში ცდილობს.
დღეს მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დაკავებულია თბილისის ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი. ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. აღნიშნული მუხლი პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და ჯარიმიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.