ჯონ გოლზუორთი - ინგლისელ კრიტიკოსთა მიერ "ყველაზე ინგლისურ რომანად" შერაცხილი წიგნის ავტორი და მისი რომანი-ტრილოგია "ფორსაიტების საგა"... ბუნებრივია, რომ იმ გამოკითხვაში, რომლის საფუძველზეც "50 წიგნის" პროექტის სია შედგა, ეს რომანიც შევიდა, რადგან ქართულად ის დიდი ხნის წინ ითარგმნა და ძალიან პოპულარულიც გახდა; მაგრამ შესაძლოა, ზოგმა მკითხველმა არც კი იცის, რომ გოლზუორთის ფორსაიტების ამბავი არც ამ ტრილოგიით დაუწყია და არც დაუმთავრებია: მის სადებიუტო მოთხრობების წიგნში ("ადამიანი დევონიდან") პირველად გამოჩნდა ერთ-ერთი ფორსაიტი, ხოლო თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ("ფორსაიტების საგის") დასრულების შემდეგ (ტრილოგიის მესამე რომანი 1921 წელს გამოქვეყნდა), 4 წლის განმავლობაში (1924-1928) კიდევ ერთი ტრილოგია გამოაქვეყნა - "თანამედროვე კომედია" (შედგება რომანებისგან: "თეთრი მაიმუნი", "ვერცხლის კოვზი" და "გედის სიმღერა").
ასე რომ, ფორსაიტები, მათი თავგადასავალი, მათი ცხოვრების ნირი, მათი მორალი და ამორალობა, მათი წესიერება და სიხარბე, მათი სიხარული და უბედურება - გოლზუორთიმ მთელი შემოქმედების მანძილზე "იმყოფინა".
ჯონ გოლზუორთის ბიოგრაფია, თუკი მას ერთ-ორ აბზაცში მოვაქცევთ, ძალიან ჰგავს ბევრი ევროპელი, განსაკუთრებით ინგლისელი მწერლის ბიოგრაფიას: დაიბადა ტრადიციულ და უზრუნველყოფილ ოჯახში, მამა იყო ან იურისტი, ან ექიმი, ან ჩინოსანი, ან მეწარმე (გოლზუორთისა - ადვოკატი და ბიზნესმენი, ფლობდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ოკეანის გაღმაც), ისწავლა პრესტიჟულ სკოლაში, დაამთავრა პრესტიჟული უნივერსიტეტი (გოლზუორთიმ - ოქსფორდი), მაგრამ მშობლების სურვილის მიუხედავად, მამის პროფესიას არ გაჰყვა და მწერლობა გადაწყვიტა. თავიდან ეწინააღმდეგებოდა ოჯახი, მაგრამ მერე შეეგუა ამ ამბავს, პირველი წიგნის გამოცემაც დაუფინანსა და გაუმართლათ კიდეც - ის დიდი მწერალი გახდა.
შემდეგ ინგლისური ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად იქცა და ა.შ.
ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ რესპექტაბელური და მოკლედ აღწერილი ბიოგრაფიის მიღმა არსებობდა ძალიან არაორდინარული, "არაინგლისურად ემოციური" ადამიანის საინტერესო ცხოვრება, დრამატული მოვლენებით აღსავსე, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში ფეხის შედგმისთანავე დაატყდა თავს და აქ და ახლა, ალბათ, სწორედ ამ ამბებზე უნდა ვთქვათ მეტი, თორემ "ფორსაიტების საგა" ბევრს ისედაც წაკითხული გაქვთ და ვისაც არა, ახლა წაიკითხავთ, როდესაც მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრასთან" ერთად შეიძენთ.
სწორედ "ფორსაიტების საგის" პერსონაჟის - აირენის პროტოტიპი იყო ის ადამიანი, ქალი, რომელმაც თავიდანვე "აურია ცხოვრება" მომავალ მწერალს, ხოლო მერე კი, თავისივე "არეული" იმდენად "ზედმეტად დაულაგა", რომ გოლზუორთის ცხოვრების ბოლომდე მოუხდა ამ "ოქროს გალიაში" ცხოვრება.
...20 წლის, ოქსფორდის უნივერსიტეტდამთავრებული ჯონ გოლზუორთი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ ემზადება, თავის მრავალრიცხოვან ბიძაშვილთაგან ერთ-ერთის, ართურ გოლზუორთის ქორწილს ესწრება - აქ დრო და სტატიისთვის გამოყოფილი ადგილი რომ დავზოგოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ქორწილი თითქმის ზუსტად ემთხვევა იმას, რითიც "ფორსაიტების საგა" იწყება - მრავალრიცხოვანი კლანის ერთ-ერთი წევრისა და მისთვის "შეუფერებელი" ქალის ნიშნობას (სხვათა შორის, გოლზუორთების დიდ საგვარეულო ნუსხაში "საგის" ავტორი ასეა მოხსენიებული - ჯონ გოლზუორთი IV).