24 ოქტომბერს სამი ფრანგული ჟურნალი ქვეყნის პირველი ლედის, ვალერი ტრიერვეილერის საცურაო კოსტუმიანი ფოტოების გამოქვეყნებისთვის დააჯარიმეს.
ფოტოები საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდისა და ტრიერვეილერის შვებულების დროს გადაიღეს, რომელსაც წყვილი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ფორტ დე ბრეგანსონზე ატარებდნენ.
სასამართლომ ფრანგულ ჟურნალ Voici-ს და ტაბლოიდ Closer-ს პირველი ლედისთვის მიყენებული ზარალისთვის 1 500-1 500 ევროს გადახდა დააკისრა. ფრანგულ ჟურნალ Public-სთვის დაკისრებული გადასახადი კი 1000 ევროს შეადგენს. ამასთან, ტრიერვეილერი კომპენსაციის სახით 20-25 ათას ევროს ითხოვდა. მაგრამ მოსამართლეების თქმით, პირველ ლედის უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სანაპიროზე ღია საცურაო კოსტუმით გასვლის შემთხვევაში, მისთვის შეიძლება ფოტოები გადაეღოთ.
სექტემბერში სასამართლომ ამავე ფოტოების გამოქვეყნებისთვის 2 ათასი ევროთი ფრანგული ყოველკვირეული გამოცემა VSD დააჯარიმა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.