საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველი გუნდის დამარცხებიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილება საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე უკვე აისახება. ცვლილებები ყველაზე მეტად მასმედიას შეეხო.
ტელეკომპანია "იმედმა" გასართობი გადაცემები დახურა და საინფორმაციო ფორმატზე გადადის. "პირველი არხი" ცნობილმა სახეებმა დატოვეს და ისინი შესაძლოა, სხვა ტელეკომპანიებში ვიხილოთ. ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია მზის დაბრუნებისთვის იბრძვის და ძველ გუნდს აგროვებს. "რუსთავი 2"-ზე პრეტენზიას ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი პარტნიორი, უცხოეთში გაქცეული ქიბარ ხალვაში აცხადებს. ამავდროულად, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა "რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილი შეიძინა.
ტელეკომპანია "იმედზე" დაიხურა "ღამის შოუს სტუდიის" ყველა პროდუქცია - სერიალები "შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან", "კაცების შოუ", "ოთარ ტატიშვილის შოუ", "რომ გადახვალ გააჩერე", "ნანუკას შოუ", "დღის შოუ" და "თბილისი ლაივი". თუმცა დეკემბრის ბოლომდე ეთერში დარჩება "ცეკვავენ ვარსკვლავები", "საქართველოს ხმა" და "ნანუკას შოუ".
ტელეკომპანია "იმედმა" არხის საინფორმაციო ფორმატზე გადასვლა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და საზოგადოების დაბალანსებული ინფორმირების აუცილებლობით ახსნა:
"ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას", - ნათქვამი იყო "იმედის" ოფიციალურ განცხადებაში.
გადაცემის დახურვის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.
"ძალიან მალე დაგემშვიდობებით და გეტყვით ყველას მადლობას, რომ იყავით ჩემთან ერთად! ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ იყავით ამ გადაცემაში, იმიტომ რომ რეიტინგული ჩემი გადაცემა თქვენი წყალობით იყო, რამდენიმე გადაცემა გავა ეთერში, ის რაც ჩაწერილია, ანუ პირველი სეზონი ვიქნებით ერთად. მერე დაგემშვიდობებით, შვილივით მიყვარს ეს გადაცემა მაგრამ დამშვიდობება მიწევს მასთან. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის მაგრამ..... უღრმესი მადლობა ყველას ამდენი თბილი სიტყვებისთვის... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩემთვის!", - წერდა ჟორჟოლიანი.
"დღის შოუს" დახურვის შესახებ ინფორმაცია შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გადაცემის facebook-ის გვერდზე გაავრცელა:
"დღის შოუ დაიკეტა :) თუ მოგინდებათ კონტაქტი, მობრძანდით ამ ლინკზე, აგრეთვე იასთან :) გული მწყდება...მაგრამ ასეა... ", - დაწერა ხაზარაძემ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედზე" არხის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს:
ამაზე რაც "იმედში" მოვედი მას შემდეგ არის ლაპარაკი. ჯერჯერობით არ შემიძლია ასეთი რამ დავადასტურო. კონკრეტული გეგმა და ფორმატი არ არსებობს. თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, შეგატყობინებთ", - განუცხადა გაზეთ "პრაიმ ტაიმს" არველაძემ.
გაზეთის ინფორმაციით, "იმედიდან" წასული "ღამის შოუს სტუდიის" გუნდი ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS-ში გადავა.
"პრაიმ ტაიმთან" საუბარში "ღამის შოუს სტუდიის" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერჯერობით არავისგან მიუღია. "გარკვეული ტიპის შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გვაქვს სხვადასხვა ტელევიზიიდან და ამ კვირას ალბათ მათთან შეხვედრებს მოვანდომებთ. კვირის ბოლოს მექნება კონკრეტული პასუხი. ხუთივე ჩვენი პროექტი შვილებივით გვიყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებთ", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.
გადაცემები დახურეს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. ცვლილება ნინო ქაჯაიას, ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემებს შეეხო. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე დაწერეს.
"გადაცემა "აუდიტორია" დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა მის ფორმატს - საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის "აუდიტორიას" აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან", - წერდა ხოფერია "ფეისბუქში".
რაც შეეხება ვახო სანაიას, მისი თქმით, გია ჭანტურიამ მას "პირდაპირ უთხრა, რომ მისთვის ის პრობლემას წარმოადგენს". "გია ჭანტურიამ შეთანხმება დაარღვია და ჩემი გადაცემა გააჩერა. პირდაპირ მითხრა, რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს", - დაწერა სანაიამ "ფეისბუქში".
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელმა, ლევან გახელაძემ გაზეთ "პრაიმ ტაიმს" განუცხადა, ხოფერიასა და სანაიას გადაცემების დახურვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, არხის გენერალურ დირექტორთან მათი უთანხმოებით არის განპირობებული.
"მე ერთადერთი რაღაც შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება არის გენერალური დირექტორის კომპეტენცია, მას ეს გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს ერთპიროვნულად. ჟურნალისტების განცხადებებიდან ჩანს, რომ რაღაც პირობებს უყენებდნენ გენერალურ დირექტორს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. ფრაზები, რომ "მე არ ვეთანხმები ასეთ ფორმას", "არა, გინდა თუ არა მე პირდაპირ ეთარში უნდა ვიყო" - ასეთი რამ ნებისმიერ ორგანიზაციაში წარმოუდგენელია. მათ ტელევიზიასთან კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და მისი დარღვევის შემთხვეაში გენერალურ დირექტორს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა გახელაძემ.
რაც შეეხება ნინო ქაჯაიას გადაცემას - "ცხოვრება მშვენიერია", "პრაიმ ტაიმთან" საუბარში ქაჯაიას აცხადებს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ პირადად მისთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვახო სანაია სოფო მოსიძესთან ერთად ტელეკომპანია "მზეში" აპირებს დაბრუნებას.
კულუარული ინფორმაციით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად შალვა რამიშვილი მოიაზრება, თუმცა თავად რამიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც გაზეთი "პრაიმ ტაიმი" წერს, ტელეკომპანია "მზის" საკონტროლო პაკეტის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში, საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია "მზერას" დაფუძნების შემდეგ მიუღია. სწორედ ამ არხზე ვიხილავთ პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნებულ ინგა გრიგოლიას.
"მე მქონდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და მივიღე გადაწყვეტილება - იმ გუნდს შევუერთდები, რომელიც ხელახლა აპირებს გააკეთოს ტელეკომპანია "მზე"... უკვე მქონდა საუბარი ვანო ჩხარტიშვილთან, კონსულტაციები გავიარე და გეტყვით, რომ იგი უკვე იბრძვის, ლონდონის სასამრთლოში აქვს შეტანილი სარჩელი "მზის" დაბრუნების თაობაზე", - ამბობს ინგა გრიგოლია.
გავრცელებული ინფორმაცია გაზეთს ვანო ჩხარტიშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განცხადება ერთ კვირაში გაკეთდება.
მასმედიაში დაბრუნებას აპირებს გიორგი თარგამაძეც, თუმცა მისი პრესცენტრის ხელმძღვანელი ნუცა შავლაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ჯერჯერობით ცვლილებები არ შეხებია "რუსთავი 2"-ს, რომლის 40%-იანი წილი რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა შეიძინა. თუმცა 6 ოქტომბერს "მაესტროს" ღია ეთერში გერმანიაში მყოფმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ში საკუთარი წილის დაბრუნებას, ახალი ხელისუფლების პირობებში, სასამართლოს გზით აპირებს.
"მე "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად ბრძოლა 2009 წლიდან დავიწყე - მიხეილ სააკაშვილს ვუჩივლე, თუმცა ეს საქმე თაროზე შემოიდო. იმედი მაქვს, მასზე ახლა ისევ დაიწყება ძიება", - განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" ხალხის სამსახურში უნდა გადავიდეს.
მისივე თქმით, ის საქართველოში დაბრუნებასაც გეგმავს და აქედან არ გაქცეულა. "უახლოეს მომავალში მე აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ახლა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მე მაქვს გერმანიის პასპორტი, გერმანია კი მიიჩნევს, რომ საქართველოში მისი მოქალაქის ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია", - დასძინა მან.
გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბარში გიორგი ხაბურძანია აცხადებს, რომ "რუსთავი 2" დაგეგმილ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
"ჯერჯერობით ჩვენთან არაფერი სიახლე არ არის. რაც დაიგეგმა, იმას ვაკეთებთ. "საქართველოს ვარსკვლავს" გავუშვებთ ამ თვეში, ზუსტად არ ვიცი, რომელ რიცხვში. ჩემი ფროდაქშენი რასაც აკეთებს, კომერციული პროექტებია, სპონსორებთან ვალდებულებაა და რატომ არ უნდა გავიდეს, ვერ ვხვდები", - განუცხადა "პრაიმ ტაიმს" ხაბურძანიამ.
სოფო მინაშვილი