"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპატრიარქოს გვერდით კაზინო "შანგრილასა" და "ბუდა-ბარის" გახსნა არ იკმარა და რიყის პარკის ტერიტორიაზე, "ბუდა-ბარში", საარჩევნო შტაბი გახსნა - განგვიცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა დავით ფაცაციამ:
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "ბუდა-ბარის" მფლობელია. ამ შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის გია უდესიანი. ეს ძალიან ძვირად ღირებული შენობა ქვეყნის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, ხოლო სახელმწიფო სახსრებით აშენებული ობიექტის გამოყენება საარჩევნო კამპანიისა და "ზონდერბრიგადების" გასართობად დაუშვებელია. შტაბის მიმდებარე ტერიტორია სამი სპეციალური მოწყობილობით იკეტება და იქ რიგითი მოქალაქე ვერ მოხვდება. იქ საკუთარი თვალით ვნახე გია უდესიანის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი ოჯახის წევრების ავტომობილები. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალების ოფისის მოწყობა 3 მილიონი დოლარი დაჯდა, 5 მილიონი კი "ბუდა-ბარის" აშენება. რიყის პარკი თბილისის ცენტრალური ნაწილია და ამ ტერიტორიაზე ნაცმოძრაობა თავისი საარჩევნო პლაკატებისა და 5-ნომრიანი ბანერების გაკვრას არც ერიდება.
მე ვიდეოფირზე გადავიღე ოფისის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კუნთმაგარი ბიჭები მოძრაობენ... ეს საზოგადოებისთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამ ტერიტორიაზეა თავმოყრილი მრავალი სიწმინდე, გვერდით კი გასართობი ობიექტებია. აქვეა "ბუდა-ბარი", რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სტრიპტიზიორებთან ერთად ხშირად სტუმრობს. წინ კაზინო "შანგრილაა". სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების აქტიურობა შეინიშნება. ეს ადგილი ცირკის მიმდებარე ტერიტორიას დაემსგავსა, აქ ორი საათი თუ დადგებით, ნახავთ, რაც ხდება.
- ცნობილია, რომ არჩევნებში გია უდესიანი არ მონაწილეობს, რატომ ხელმძღვანელობს ის "ბუდა-ბარში" დაბანაკებულ ნაციონალებს?
- გია უდესიანს დავალებული აქვს ზონდერბრიგადების კოორდინაცია და კონტროლი. ახალაიას კლანი აქტიურად მუშაობს ზონდერბრიგადების მომზადებაზე. მათ შექმნეს ათეულობით შეიარაღებული ჯგუფი. მათთვის ვიღაცის მოსპობა ცხოვრების წესია. ისინი ემზადებიან დივერსიული მოქმედებებისთვის, ტემპერატურის აწევისთვის, რომელსაც სხვას დააბრალებენ. ასეთი ჯგუფები შექმნილია კახეთში, სვანეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში. ეს ჯგუფი ნებისმიერ დროს მზად არის ლიკვიდაცია-პროვოკაციისთვის.
P.S. 8 სექტემბერს სპორტის სასახლეში გამართული ნაციონალური მოძრაობის ყრილობის შემდეგ, ჩვენი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოდელ გოგონებთან, ნიკა რურუასთან, ვანო მერაბიშვილთან, მიშა მაჭავარიანთან, ახალაიებთან, კუბლაშვილებთან და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად თავის საყვარელ "ბუდა-ბარს" მიაშურა გასართობად. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სააკაშვილი ყრილობით ძალიან კმაყოფილი იყო და კარგად ერთობოდა. "ნაციონალური" ნადიმი დილის 5 საათისთვის დასრულდა. "ბუდა-ბარი" ყველაზე ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა დატოვა, რომელიც მოდელებთან ერთად შავნაბადას რეზიდენციისკენ გაემართა. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად "ბუდა-ბარის" ადმინისტრაციას მივმართეთ:
- გამარჯობა, ვის ვესაუბრები?
- ნანას.
- ქალბატონო ნანა, თქვენ, ალბათ, ადმინისტრატორი ბრძანდებით, მე ჟურნალისტი ვარ.
- დიახ, გისმენთ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური ელიტა "ბუდა-ბარში" იყო დროის გასატარებლად.
- მეტი საქმე არ გაქვთ? რაში გაინტერესებთ, სხვა თემები არ გაქვთ? საერთოდ არ ვიცი, ვის ვესაუბრები და სხვა თემა ნახეთ.
- რაც ჩავთვალეთ საინტერესოდ, იმას გეკითხებით...
- კარგად ბრძანდებოდეთ.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)