თუკი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, გვატემალასა და ჰონდურასს ვნების კვირის დროს ეწვევით, ულამაზესი სანახაობა დაგხვდებათ. ქალაქის ქუჩები ქვიშისგან და ნახერხისგან შექმნილი, სხვადასხვა ფერის მცენარეებისა და ყვავილებისგან მორთული ფერადოვანი ხალიჩებით არის აჭრელებული.
აღდგომის დღესასწაულს კათოლიკე ანტიგუელები პომპეზურად აღნიშნავენ. დიდი მარხვის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს, მოსახლეობას ქუჩაში იესო ქრისტესა და ღვთისმშობელ მარიამის უზარმაზარი სკულპტურები დააქვთ, ხოლო აღდგომის დღესასწაულამდე 1 კვირით ადრე ქალაქის ქუჩები ამ ულამაზესი ხალიჩებით ირთვება.
ადგილობრივი ოჯახები ერთად იკრიბებიან და ხალიჩებს ქმნიან, რომელსაც ადგილობრივები Alfombras უწოდებენ. ხალიჩების მორთვისას სხვადასხვა თემა გამოიყენება. პოპულარულია ლანდშაფტი, რელიგიური სიუჟეტები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წელს ხალიჩები მრავალფეროვანია.
ხალიჩების შექმნისას, ადამიანები შეზღუდულები არ არიან. არც ხალიჩების ზომაა განსაზღვრული. იმისთვის, რომ ქარმა ხალიჩები არ მიმოფანტოს, ადგილობრივები მათ ხშირად რწყავენ. გულმოდგინედ მუშაობის შემდეგ, დილით, ულამაზეს ხალიჩებზე პროცესია გადაივლის.
რასაკვირველია, მობილიზებულია სპეციალური დასუფთავების სამსახურები, რომლებიც დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, ტერიტორიას ქვიშისგან და ნახერხისგან ასუფთავებენ.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.