ვასო ფხაკაძემ ამას წინათ გულგატეხილი ქმრის როლი შეასრულა. მისი როლების სპექტრი დიდია, ხან კარატისტია, ხან რუსული საინფორმაციოს წამყვანი... როდესაც მას იღებენ, ორი რამ ჭარბობს მოედანზე, სიცილი და ვასოს თავ-პირის ლეწვა, რადგან ყველაზე ხშირად გადასაღები მოედნიდან სწორედ ეს იუმორისტი გადაჰყავთ ხოლმე საავადმყოფოში. თუმცა დღეს ცუდ თემებზე არ ვილაპარაკებთ. ცნობილია, რომ ვასო დიდი ენთუზიაზმით მეგობრობს მოდელ გოგონებთან, თუმცა თავად ამბობს, რომ არამოდელი გოგონებიც იქცევენ მის ყურადღებას. რატომ არ დაოჯახდა აქამდე, იუმორისტი თავად გვეტყვის.
-დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ პრესაში, მაინტერესებს რატომ?
-სულ ეკრანზე ვარ გამოკრული, ყოველ კვირას მნახულობს ხალხი და პრესაშიც ასევე გამოჩენა უკვე ზედმეტი იქნებოდა. სიმართლე გითხრა, არც დრო მაქვს და აი, შენ ძველი მეგობრობის ამბავში გაძლევ ინტერვიუს.
-კარგი, მაშინ დასვენების თემით დავიწყოთ. როგორ გაატარე ზაფხული?
-კვარიათში დავისვენე დის ოჯახთან ერთად, ოჯახურად დავისვენე, ძალიან კარგად. არავინ არ მაწუხებდა. მშვიდ გარემოში ვიყავი. მომწონს ასეთი დასვენება, ვაპირებდი ფარგლებს გარეთ გაქცევასაც, მაგრამ ჩემს დისშვილებთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე. 7 და 8 წლის დისშვილები მყავს.
-არ მითხრა, კვარიათში გოგონებისკენ არ გამექცა თვალიო.
-გოგონებისკენ ყოველთვის გაგექცევა კაცს თვალი, ზოგჯერ პანაშვიდზეც კი (იცინის).
-შენზე ამბობენ, ძალიან მექალთანე და მოღალატე ვინმეაო.
-მექალთანე ვარ, მაგრამ მოღალატე არ ვარ... ისე, გააჩნია რა შემთხვევაში (იცინის).
-კვარიათში ვერავინ გაიცანი საინტერესო?
-კი, თურქი მესაზღვრე (იცინის)... სკუტერით ვსეირნობდი, მიყვარს ექსტრემალური რაღაცები და საზღვრამდე მივსულვარ, კი დავინახე, რომ რაღაც ნიშნები იყო. ჩვენმა მესაზღვრეებმა გამაჩერეს, იქით გასვლა არ შეიძლება, თორემ კანონს დაარღვევ და დაგიჭრენო. აქეთ კი მცნობენ, მაგრამ იქით ვინ მიცნობდა?! რომ გადავსულიყავი, აუცილებლად დამაპატიმრებდნენ საზღვრის უკანონო დარღვევისთვის. ნეიტრალური წყლები იყო.
-კარგად ცურავ?
-ჩვეულებრივად, განსაკუთრებულად კარგად არ ვიცი.
-მაინც არ მიპასუხე, გოგონები თუ გაიცანი?
-რა თქმა უნდა, გავიცანი კარგი გოგონები.
-გარეთაც გელოდებოდნენ ახლა მშვენიერი გოგონები, მოდელების აღნაგობის. ამბობენ, რომ მოდელები განსაკუთრებით მოგწონს.
-ის გოგონები, რომლებიც ახლა გარეთ მელოდებიან, ჩემი მეგობრები არიან. კი, მომწონს მოდელები-ც (იღიმება). მაგრამ მომწონებია არამოდელი გოგონები. ბევრი საწინააღმდეგო სქესის მეგობარი მყავს. თუ სიმპათიაზე ვილაპარაკებთ, არ მიყვარს ისეთი გოგონები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან კარგები და ასეთებს თურქულ კანფეტებს ვეძახი. ლამაზად არიან შეფუთულები და შიგნიდან არ მოგეწონება.
-ანუ აზრზე მოსული გოგონები მოგწონს...
-გააჩნია მათაც. ზოგს ჰგონია, რომ აზრზე მოსული გოგონა აუცილებლად კლუბებში უნდა დადიოდეს, ასეთი გოგონებისთვისაც არის განკუთვნილი ჩემი დრო, გარკვეული საათები (იცინის)... როგორიც მინდა, ისეთი ჯერ ვერ ვიპოვე, თორემ აქამდე ხომ მოვიყვანდი ცოლს. ისიც არ მესმის, რომ ამბობენ, გიწევს ცოლის მოყვანა, უკვე დროაო. გიწევს რა, პურის რიგი ხომ არ არის? თუ გოგონა არ შეგიყვარდა და ურთიერთობა არ აგეწყო, რატომ უნდა მოიყვანო ცოლად? ხომ უნდა შეგიყვარდეს გოგონა. მომწონებია კიდეც, მყვარებია, მაგრამ ბოლო მომენტში მივმხვდარვარ, რომ ის არ ყოფილა და დავშორებივარ. მიმიტოვებია და მეც მივუტოვებივარ.
-ვინ იყო ის გოგონა?
-რა მნიშვნელობა აქვს, სახელი აღარ მახსოვს (იცინის).
-როგორი უნდა იყოს გარეგნულად?
-შავგვრემანიც მომწონებია და ქერაც. ყველანაირი ტიპის გოგონასთან მქონია ურთიერთობა.
-ძალიან თუ უტკენია გოგონას შენთვის გული?
-რაღაც მომენტში მწყენია დაშორება, მაგრამ მერე ხვდები, რომ მაგარი ხარ და საკუთარ თავს სჯობნი. ამ მხრივ ძლიერი ადამიანი ვარ.
-პოპულარობით თუ სარგებლობ გოგონებთან?
-რა თქმა უნდა, ეს კარგი მომენტია. უფრო მეტად მიადვილდება ურთიერთობის დაწყება, რადგან ყველა მცნობს.
-კიდევ ერთი საქმე, რაც გიადვილდება, იუმორია. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ სეზონზე გაცილებით უკეთესი სკეტჩები გაქვთ.
-2005 წლიდან ამ საქმეს ვაკეთებთ. სხვა იუმორისტულ გადაცემას ამდენი წელი არ გაუძლია (ხეზე სამჯერ აკაკუნებს...), ხალხს უყვარს და უყურებენ, ბევრ ახალ რაღაცას ვიგონებთ, თუმცა არ გვიყვარს არსებულით დაკმაყოფილება. დღეს თუ კარგი გამოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალისთვის უფრო უკეთესზე არ ვიფიქროთ. გვინდა, კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი გვქონდეს ხოლმე.
-კონკურენტი ტელევიზიის გადაცემებზე ხშირად ხუმრობთ. წინა კვირას "ყოფილი ქმრების კლუბი" გააკეთეთ, სადაც ტირანი ცოლის "მსხვერპლის" როლი შეასრულე.
-ბევრი მომგებიანი თემა არსებობს. შოუები ერთ-ერთი მათგანია. მაგალითად, ყველას ახსოვს შორენა ბეგაშვილისა და მაია ასათიანის პაროდიები, რომლებიც ნიკა გრიგოლიამ შეასრულა. ყველას აქვს ნანახი ასეთი ტიპის გადაცემები და როცა ფიქრს იწყებ, ხუმრობების 20% იმწამსვე გაფიქრდება. ამას იღბლიან თემებს ვეძახით.
-ამ სკეტჩში სასოწარკვეთილი მამაკაცის როლი შეასრულე.
-ძალიან მაგარი იყო გადაღებები, რადგან ცუდად გავხდით, იმდენი ვიცინეთ. გრიგოლია, არაბიძე და ანდღულაძე საჭმელს რომ ჭამენ, ის მომენტი ხომ გახსოვს და ჩემი გმირი ფანჯრიდან რომ უყურებს? შეუკვეთეს, რაც უნდოდათ, ჩახეთქეს ყველაფერი ამ სამმა და მე არაფერი დამიტოვეს. ვთხოვდი, ჯერ არ ჩართოთ კამერა, მეც მშია-მეთქი, მაგრამ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინეს.
-ეტყობა, რეჟისორს უნდოდა, მართლა მშიერი ადამიანის გამომეტყველება გქონოდა. შენი ბოლოდროინდელი როლებიდან კიდევ რა დაგამახსოვრდა განსაკუთრებით?
-რუსული საინფორმაციო, რომელიც ამ კვირას გავიდა. ალბათ გახსოვთ ჩემი პერსონაჟი, რომელიც დამტვრეული რუსულით ლაპარაკობდა, ახლა მას თავისი საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა -"ინფორმაციონნი ვიპუსტნიკი" (იცინის). რაღაც იდიოტობა ინფორმაციას ამბობს რუსულად.
-რუსულთან როგორ ხარ?
-ნორმალურად ვფლობ. ვერ გეტყვი, რომ ძალიან მაგრად, მაგრამ ერთ გაქცეულ რუს ქალს მოვაბრუნებ (იცინის). საერთოდ, ჩემს როლებზე ლაპარაკი არ მიყვარს, სხვებმა ილაპარაკონ. მე ვითამაშებ და მერე მაყურებელმა შეაფასოს. არაობიექტური ვიქნები.
-გულგატეხილი ქმრის როლში საკუთარი თავი რეალურად თუ წარმოგიდგენია?
-ჯვარი მწერია. ჯერ ცოლი არ მომიყვანია და რას მეკითხები? მინდა, ჩემ გვერდით ღირსეული ადამიანი იყოს და გული რატომ უნდა გამიტეხოს? ამდენი ხანია, იმიტომ ვეძებ -არ მინდა ისეთი გოგონა, რომელიც ჩემთან იმიტომ იქნება, რომ ტელევიზორში ვჩანვარ. მომისმენია საუბრები, ეს "რუსთავი 2"-ში მუშაობს და კარგი ხელფასი ექნებაო. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მომისმენია. სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ (იცინის).
ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებაა -ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ბიჭის მატერიალურ მდგომარეობას. იმდენად უყვართ ფული, რომ ადამიანს აღარ უყურებენ და ამის გამო უყვარდებათ, უარყოფით მხარეებს ვეღარ ხედავენ. არის ასეთი კატეგორია, არა მხოლოდ გოგო, არამედ ბიჭიც. ჩემთვის კი ფულს ურთიერთობაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი შევატყვე, რომ ადამიანი რაღაცის გამო არის ჩემთან, იმიტომ რომ ვასო ვარ და აქა და აქ ვმუშაობ, აუცილებლად ჩამოვიშორებ და ბევრი ჩამომიშორებია. ორი დღის გაცნობილი რომ მოვა და გეუბნება, ჰა, არ დავლიოთო, აბა, სხვა რა არის? ეს პოპულარობის უარყოფითი მხარეა.
-დადებითი რა არის?
-არის დადებითიც -ხალხის სიყვარული. საქართველო ამ მხრივ ძალიან მაგარი ქვეყანაა. სადაც უნდა მიხვიდე, გცნობენ და სითბოს გამოხატავენ. მქონია ბევრი ასეთი შემთხვევა. უჩუქებიათ ძვირად ღირებული ნივთებიც, რომლებსაც თავიდან არ ვიღებდი, მაგრამ ძალიან მთხოვეს და მერე მივიღე. მათ შორის იყო საათიც, რომელზეც ადრეც მოგიყევი.
ჯერ მანქანა არ უჩუქებიათ. მყავს მანქანა, მაგრამ მეორეც სიამოვნებით მეყოლებოდა. სანადიროდ ჯიპს ვისურვებდი. თუ მოვიცალე, სანადიროდ მინდა უახლოეს დღეებში წასვლა, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.
-მაინც როგორი?
-დილის ათ საათზე სამსახურში ვარ, საღამოს თერთმეტისთვის მოვრჩები და მეორე დილას იგივე რეჟიმი იწყება.
-რადგან სამსახურზე საუბარს დავუბრუნდით, ვიცი, რომ გადაღებებზე ძალიან ბევრი ხიფათი შეგემთხვა.
-ახალ სეზონზე არაფერი მომსვლია, მაგრამ ხელიც მომიტეხია და თავიც გამიტეხია. როგორ ვიქნები უსაფრთხოდ, როცა ხან კარატისტი ვარ, ხარ შაო-ლინი და ხან ის და ხან ეს (იცინის).
-შენს უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს?
-თავად ვზრუნავ. საერთოდ, უსაფრთხო ყველაფერი კარგია (იცინის)!..
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)