"მკვლელ მანქანად" წოდებული ცხოველი რთულად მოსარჯულებელი და გასაწვრთნელია. თამამი ტაილანდელები 3-მეტრიანი (ერთხელ გინესის რეკორდების წიგნში 6-მეტრიანი რეპტილია მოხვდა) ნიანგების მონაწილეობით, ხალხის გასამხიარულებლად და მატერიალური დაინტერესების მიზნით, თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ.
ტაილანდში ნიანგის ერთ-ერთი სახეობა - სიამის ჰიბრიდი ბინადრობს, რომელსაც მლაშე წყალშიც შეუძლია არსებობა. წარმოდგენა ტაილანდის ქალაქ პატაიის შემოგარენში, ნიანგების ფერმის ტერიტორიაზე ტარდება (ფერმაში 60 ათასი ნიანგი ჰყავთ), რის შემდეგაც ნიანგის ხორცსაც (დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინს) ყიდიან და ტყავსაც.
20-წუთიან წარმოდგენას ყოველ საათში მართავენ. ამ დროს მამაკაცი ნიანგს პირში უყოფს ხელს, კუდით დაათრევს, მაგრამ ნიანგი მას არ ერჩის - ეტყობა, ან მაძღარია, ან ტაილანდელებს უგემური ხორცი აქვთ (ეს ხუმრობით).
წარმოდგენის დროს მაყურებელი მონაწილეებს ფულს უყრის. ერთ-ერთი ტაილანდელი მოგროვილ თანხას ნიანგს (ნიანგებს ყოველ ნომერში ცვლიან) პირში უყრის, მეორე მათგანი კი ხახაში ხელს უყოფს და ფულს უკან იღებს, შემდეგ ენაზე ექაჩება. ესეც შოუს ნაწილია.
წარმოდგენის ბოლოს ტაილანდელები (შოუს მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა ტრაგიკულად) მაყურებლებისთვის სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)