დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი Facebook-სა და Twitter-ზე კონტროლის დაწესებით ინიციატივით გამოვიდა. "ევრონიუსის" ცნობით, კემერონი ამ გზით დაგეგმილი გამოსვლების დაბლოკვას შეეცდება.
დიდ ბრიტანეთში მომხდარი არეულობების შედეგად, 1000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის არიან მილიონერის ქალიშვილი, მასწავლებელი, საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელი და 11 წლის მოზარდი. პარლამენტში გამოსვლისას კემერონმა აღნიშნა, რომ ყველა მათგანი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდის.
"თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს სასარგებლოდ მუშაობენ, დამნაშავეები ჟურნალისტებმა გადაიღეს. თუ ზოგი მათგანი ჯერ კიდევ არ არის დაპატიმრებული, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ დავაკავებთ - ყველას ვცნობთ სახეზე. მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა. პოლიციასა და დაზვერვის სპეცსამსახურთან ერთად, ამ ადამიანებისათვის ზოგიერთი საიტის დაბლოკვის შესაძლებლობას განვიხილავთ - ვიცით, რომ მოწოდებები დარბევისკენ სწორედ ამ საიტებზე იყო, შედეგად კი ქვეყანა დანაშაულმა მოიცვა", - განაცხადა კემერონმა.
ამასთან, "ევრონიუსი" იტყობინება, რომ მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში ლონდონის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრები 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რითაც დარბევის მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაცია ვრცელდება იმაზეც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში სადაზღვევო კომპანიებმა 230 მილიონი ევრო დაკარგეს.