"ქრისტეს ცხოვრებას ვგალობ, ქრისტეს წამებას ვგალობ, უნდა გავიზიარო მისი თითოეული ტკივილი,“ - ამბობს მგალობელი ქალბატონი ნაირა ნაჩხატაშვილი, რომელიც 40 წელზე მეტია, რაც ყოველ წითელ პარასკევს ტაძარში "იესოს დატირებას“ ასრულებს.
ვისაც მის მიერ შესრულებული "იესოს დატირება“ ერთხელ მაინც მოუსმენია, შეუძლებელია მის მიმართ გულგრილი დარჩეს…
ნაირა ნაჩხატაშვილი:
- მოსწავლეობისას, ჩემი კლასელები გაკვეთილებს რომ აცდენენ, კინოში მიდიოდნენ, მე და ჩემი მეგობარი კიდევ სიონში ჩავდიოდით, დიდად გაცნობიერებული არც გვქონდა, რატომ მივდიოდით. უბრალოდ, გული გვთხოვდა და გალობას ვუსმენდით... მერე მივხვდი, რომ მეც უნდა მეგალობა. თითქოს ამ გზაზე თავისით დავდექი...
მაგრამ მაშინ აკრძალული იყო ტაძარში სიარული - კომუნისტების პერიოდში იზღუდებოდა ეს ყველაფერი, მით უფრო გალობა.
კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, ეკლესიაში სიარულისთვის თვალთვალი და დევნა დამიწყეს. მოკლედ, იმ აკრძალვების გამო გამო ხალხი ტაძარში მისვლას გადაჩვეული იყო და შიშიც ჰქონდათ...
გარკვეული პერიოდის შემდეგ პატრიარქს ძალიან უნდოდა, ეკლესიაში ხალხი მოეზიდა და ტაძრებიც ნელ-ნელა გაივსო...
- როგორც ვიცი, პატრიარქს თქვენი გალობა მოეწონა...
- ერთხელაც იქადაგა, რომ კარგი იქნებოდა თუ ყოველდღიური წირვა-ლოცვა გაიმართებოდა. ვაჟთა და ქალთა ანსამბლი მინდა შევქმნაო... ჩემმა პედაგოგმა მითხრა, - ნაირა, შენთან საქმე მაქვსო და ლექციების მერე რაღაც ნაწარმოები მომასმენინა. მერე მკითხა, - რას იტყვი და სად იმღერებდი ამასო? რატომღაც ვუთხარი, ტაძარში-მეთქი. გაოცდა, გაუკვირდა, როგორ მიხვდიო... იგალობებდი ტაძარშიო? დიდი სიამოვნებით, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება-მეთქი...
უწმინდესმა მოისურვა - დავით გურამიშვილის ლექსზე "მოთქმა ხმითა თავ ბოლო ერთი“ საგალობელი დაწერილიყო და კომპოზიტორებს დაავალეს, შეექმნათ... მითხრეს, რომ მე უნდა მეგალობა...
პატრიარქს ვუთხარი - თქვენო უწმინდესობავ, დიდი სირთულე არ უნდა იყოს, ეს ხომ დატირებაა?!. ქართველი დედა რომ დაიტირებს, ასეთი კილო მოუხდება-მეთქი. მერე ჩემს გოგოებს (რეგენტიც ვიყავი) ვუთხარი, - აბა, ეს ხმა დამიჭირეთ-მეთქი. მე ბანი მივეცი და გალობა დავიწყე... ახლა რასაც ისმენთ, ზუსტად ეგ ვერსია იყო იმ პირველ ჯერზეც. უწმინდესი ხომ უსმენდა, ჰოდა, შუა გალობაში ვიყავი, რომ მითხრა - ჰო, ნაირა, ზუსტად ეს არის. დღეის შემდეგ ამას იგალობებო...
- როგორი განწყობა გაქვთ ხოლმე წითელი პარასკევის წინა დღეებში?
- წლების განმავლობაში ისე ემთხვეოდა, რომ წითელ პარასკევისთვის სულ ვცივდებოდი. ასე ხდებოდა - როგორც ჩანს, ბოროტს არ უნდოდა, რომ მეგალობა... არადა, ხომ ვიცოდი, რომ ამ საგალობელს ყველა ელოდებოდა... მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემისა, წყალივით მიდიოდა ყოველთვის საგალობელი, დიდი ძალა, ენერგია მეძლეოდა...
წითელ პარასკევს ტაძარში მოსულ ადამიანებს უნდათ ხოლმე, რომ "იესოს დატირება“ მოისმინონ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ამ საგალობლის გალობა. სანამ დავიწყებ, ყოველთვის უფალს მოვუხმობ ხოლმე... როცა ქრისტეს ცხოვრებას გალობ, ქრისტეს წამებას, უნდა გაიზიარო მისი თითოეული ტკივილი...
ერთხელ ტაძარში შევდიოდი, ადამიანები შემეგებნენ, მათ შორის მოწყალებას რომ ითხოვდნენ ისინი. ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, - იცი, ნაირა, შენ რომ გალობ, შენ რომ გალობ და ვეღარ აგრძელებს, სიტყვები აღარ ჰყოფნის და ბოლოს თქვა - მე ვტირი... არადა, იმ დღეს იქ ზუსტად იმისთვის შევდიოდი, რომ მეგალობა. ვუთხარი, - მე დღეს შენთვის ვიგალობებ-მეთქი... ჰოდა, ვგალობ ავადმყოფებისთვის, ბავშვებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ტაძარში დგას და ასევე სრულიად საქართველოსთვის!
- მოკლედ, გალობა თქვენთვის სიამოვნებაა...
- ასეა და სულაც არ არის რთული... 19 წლისამ დავიწყე და ამდენი წელია, ვგალობ. არ მოვიტყუები, ყოფილა, რომ ეჭვი შემპარვია, დღეს შეიძლება, ვერ ვიგალობო-მეთქი, მაგრამ პირველ ბგერას ავიღებ თუ არა, თითქოს ყელში რაღაც ჩამიდგეს და საოცარი ხმა მოდის. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვყოფილვარ, სალაპარაკო ხმა არ მქონია, მაგრამ სასიმღერო და საგალობელი - კი.
დიდი მარხვა რომ იწყება, ჩემი ცხოვრება ქრისტეს გზით მიდის - ჯვარზე გაკვრამდე, ყველა ეპიზოდს გავდივარ. თუ ეს ყველაფერი არ განიცადე, ისე ქრისტიანი ვერ იქნები... მხოლოდ სიტყვის მასალად იმის თქმა, რომ მე მოვინათლე, გავქრისტიანდი - ასე არ არის... დიდ მარხვაში ისევე უნდა გტკიოდეს ის სატკივარი, როგორც ქრისტეს სტკიოდა. უნდა გაიაზრო, იქამდე მიხვიდე, რომ მან ამდენი სიკეთე გააკეთა, ასე იღვაწა და მაინც არ დაინდვეს - ჯვარზე გააკრეს. მადლობა უფალს, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება ქრისტეს აღდგომით აქვს...
- მუსიკით ბავშვობიდან იყავით დაინტერესებული?
- სკოლაში ნორმალურად ვსწავლობდი, ფიზიკა-მათემატიკა, ქიმია მიყვარდა და ვფიქრობდი, სამედიცინოზე ან იურიდიულზე ჩავაბარებდი. თუ ექიმი გავხდებოდი, ქირურგობა მინდოდა, თუ იურიდიულზე - გამომძიებელი ან ადვოკატი გამოვიდოდი... მუსიკალური მიმართულებით სწავლის გაგრძელებას არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი. როგორც ყველა გოგო, მუსიკაზე მეც დავდიოდი. ერთ დღესაც, მასწავლებელმა მკითხა, - წელს მუსიკალურ ტექნიკუმში ხომ აბარებო? გაკვირვებულმა შევხედე.
რა არ აბარებო? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა გავხედე. მერე უნებლიედ დავეთანხმე, - დიახ, ვაბარებ-მეთქი. რომელ ფაკულტეტზეო? ისიც არ ვიცოდი, რა მეთქვა, საფორტეპიანოს გარდა სხვა რამე თუ არსებობდა, არ ვიცოდი და საფორტეპიანოზე-მეთქი - ვუპასუხე. რას ლაპარაკობ? ასეთმა ნიჭიერმა გოგომ საგუნდო-სადირიჟოროზე უნდა ჩააბაროო. ხვალ მოხვალ, ნაწარმოებებს მოგცემ, ისწავლი და ჩააბარებო.
საკმაოდ დიდი კონკურსი გავიარე და ჩავაბარე. მერე გამიტაცა...
ვხვდებოდი, რომ მუსიკაში ძალიან ბევრი შემეძლო მეთქვა. თუნდაც ოპერაში მემღერა, სიმფონიებს მამღერებდნენ, ჯანსუღ კახიძე ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა... არადა, ორივე შემეძლო, თან მეგალობა და თან ოპერაში მემღერა, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთი დღე არ მაქვს საერო ღონისძიებებზე ნამღერი, სულ ეკლესიაში ვგალობ.
- სამაგიეროდ შვილი გყავთ ოპერის მომღერალი. მაყვალა ასპანიძე თბილისის ოპერის წამყვანი სოლისტია...
- კი, ასეა... თუმცა ტაძარში ჩემთან ერთად გალობს ხოლმე. ბავშვობაშიც დამყავდა... ვუთხარი, რომ პარალელურად ყველაფრის გაკეთება შეიძლება. გალობისას მიღებული მადლი არ უნდა დაკარგო-მეთქი. საოპერო მომღერლის გაზრდა საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდებოდა, მაგრამ ჩემს შვილს მხარში დავუდექი. რთულია, მაგრამ, როცა უფალი შენ გვერდით არის, ყველაფერს შეძლებ...
იხილეთ ასევე: