სამშაბათს ღამით საფრანგეთის რამდენიმე ციხეზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა ციხის სადგომებზე გაჩერებულ მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
თავდასხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა, რომელმაც მომხდარი ბოლო დროს, ხელისუფლების ნარკომანიასთან ფართომასშტაბიან ბრძოლას დაუკავშირა.
დარმანინის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ექვს ციხეზე ცეცხლსასროლი იარაღით და ცეცხლის განზრახ წაკიდებით განხორციელებული თავდასხმები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტები იყო.
"რესპუბლიკა უკან არ დაიხევს. ეს არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები. თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე ტერორისტული თავდასხმაა. საფრანგეთის რესპუბლიკა ნარკოტრაფიკის მწვავე პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ ვიღებთ ზომებს, რაც შეარყევს კრიმინალურ ქსელებს“, - განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს.
როგორც გაზეთი Le Parisien წერს, თავდასხმა 7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე განხორციელდა: ხუთი მოხდა ქვეყნის სამხრეთში (ტულონში, ექს-ან-პროვანსში, მარსელში, ვალანსსა და ნიმში) და ორი პარიზთან (ვილპენტში და ნანტერში).
Le Figaro-ს ცნობით, ტულონში, ტყვიამფრქვევიდან ესროლეს ციხის ჭიშკარს გამვლელი მანქანიდან. ხოლო მარსელის მახლობლად, თავს დაესხნენ იუსტიციის სამინისტროს კუთვნილ საბინაო კომპლექსს, სადაც რამდენიმე მანქანას ავტოსადგომზე ცეცხლი წაუკიდეს.
რამდენიმე სხვა ქალაქში, თავდამსხმელებმა დატოვეს აბრევიატურა DDPF - რაც იშიფრება, როგორც "ფრანგი პატიმრების უფლებებს“.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტალომ ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა "დაუყოვნებლივ გააძლიერონ ციხის პერსონალისა და დაწესებულებების დაცვა“.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ კრიმინალურ დაჯგუფებას არ აუღია.