"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. ახალს არაფერს ვამბობ. ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენ - ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება...მუნიციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო ახალი არჩევნები დღის წესრიგიდან მოიხსნება? - არ მოიხსნება. შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ აი, გახარია პირველი როდის იტყვის, მან მიიღოს პირველი პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. მე ვამბობ ერთ რამეს: ჩვენ ვემზადებით, ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან, როდესაც შენ ხარ პოლიტიკური პარტია, მზად უნდა იყო არჩევნებისთვის, ჩვენ ასე ვმოქმედებთ" - განაცხადა გახარიამ.
წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე: "ანუ თქვენ ახლა ემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, გახვალთ ამ არჩევნებზე?", გახარიამ უპასუხა: "ჩვენ ახლა ვემზადებით, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში".
ამის შემდეგ, მას წამყვანმა კითხვა დაუსვა, "ვთქვათ, ერთად არ დაინიშნა?", რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ "თუ არ დაინიშნა, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას".
დამაზუსტებელ კითხვაზე, ამბობს თუ არა კატეგორიულად უარს, გახარიამ აღნიშნა:
"რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რა თქმა უნდა არ ვამბობ, კატეგორიულად უარს არ ვამბობ, ვერავინ ვერ მათქმევინებს, რადგან ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია" .
მისი თქმით, შესაბამისი კატეგორიული გადაწყვეტილებისთვის არჩევნებზე გასვლა-არგასვლის საკითხზე დღეს მზად არ არის.
"შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, მე არ ვარ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად", - განაცხადა გახარიამ და დასძინა: "დიახ ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით".
მის ამ პასუხს წამყვანის რეპლიკა მოჰყვა, "თუ მანამდე არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არის შანსი, რომ არჩევნებზე გახვიდეთ", გახარიამ უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, არის შანსი"